ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარ რედაქტორ ირაკლი თოდუასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული, უსაზღვრო ფანტაზიით, მოვლენების მორევში ოპერატიულად გარკვევაში, სწორი აქცენტების უმალ გამოკვეთაში ბადალი არ ჰყავდა.
იდეების გენერატორი იყო.
პრინციპულიც. ვერავინ დასწამებდა ცალმხრივობასა და მიკერძოებას. გუნდრუკი ხელისუფლებისთვის არ უკმევია, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ წარმატებული ნაბიჯი სათანადოდ არ შეეფასებინა და სიკეთეზე დაეხუჭა თვალი.
მისი ეს ობიექტურობა გაზეთზეც აისახებოდა.
ამიტომაც კითხულობდნენ „საქართველო და მსოფლიოს“, ამიტომაც ეცნობოდნენ ჩვენს ვებგვერდს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე“, - წერს სვანიძე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუა 42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.