ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, „ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა“.
„გააჩნია მაცივარს, თუ შენია ხო, მაგრამ ჩემს მაცივარზე იმავეს ვერ ვიტყვი“, - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.
„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას.
„არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა იმის თაობაზე, რამდენი არის უმუშევარი და რამდენი დასაქმებული, მაშინ როდესაც სტატისტიკა ეფუძნება მაგალითად, ასეთ განსაზღვრებას: წინა 7 დღის განმავლობაში სულ მცირე ერთ საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან, რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.