logo_geo
eng_logo
ვაჟა - ფშაველა: სააღდგომოდ!
- +

2 მაისი. 2016. 01:47



ყველგან მოძრაობა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა. სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც. პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათჯერ დაიბანეს პირი და, ვისაც კი რამ ზიზილ-პიპილა მოეპოვებოდა, ტანზე მიიკოსეს, „ბუზიკები" დაპოლსაპოჩკები" გაიწმინდეს. მხოლოდ მოხუცებულნი არა ზრუნავენ ტანის აჭრელებაზე, მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს და, სადაც დაზიანებული იყო, პოლორჭიკი მიაკერეს. მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად. მომზადდა ძღვენიც ნათლიისათვის, მის განუშორებელის მეგობრითურთ - ინდაურით, ამასთან, ნამცხვარ-ნაზუქით და საქმის დამაგვირგვინებელ ყელმოღერებულ გოზაურით...

 

 

...ბოლოს მღვდელმა სიტყვა სთქვა, რომელიც შემდეგის სიტყვებით დაამთავრა: ფარისეველთ, უგუნურთ აცვეს ქრისტე ჯვარსა, ვითარცა ავაზაკი, და გაგმირეს ლახვრითა, მაგრამ აღსდგა, სძლია სიკვდილსა და მით მოგვცა ჩვენ, კაცთ, მაგალითი აღდგომისა, სიკვდილის ძლევისა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის; მოგვანიჭა ნათელი, ნაცვლად ბნელისა. ამიერიდგან ეშმაკი ვეღარ გაიმარჯვებს კაცთა ნათესავზე, სამეფო მისი შემუსვრილ იქმნა. ლოდი, რომელიც დაკეტა ფარისევლობამ, ბოროტებამ, შურმა სამარე ქრისტესი, რათა მოესპო ჩვენთვის კავშირი ქრისტესთან, ჰფარვიან ანგელოზნი და ეტყვიან იესოს მაძიებელთ: ვისაც ეძიებთ, იგი აღსდგა!"


ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა ამ სიტყვებს...

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner