ქართველი პოეტი დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე მეორედაა წარდგენილი _ ლიტერატურის დარგში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამას გარდა, დავით მაღრაძის წიგნი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობა Rare Bird Book-მა გამოსცა და წიგნის პირველი პრეზენტაცია წინანდალშია დაგეგმილი, მეორე კი - ნიუ იორკში, ივნისის თვეში გაიმართება.
გარდა სახელოვნებო ასპარეზისა, პოეტი სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის წევრი და საქართველოს კულტურის მინისტრი იყო.
თანამედროვე პოლიტიკური პროცესების მიმართ მის დამოკიდებულებებზე, პოლიტიკურ შეხედულებებსა და, საკუთარი გადმოსახედიდან, საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციებზე დავით მაღრაძე „ეურუსს“ ესაუბრება.
- ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა. როგორ აფასებთ ამ პროცესს და რას შეიძლება ელოდოს საზოგადოება?
- რადგან ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისივე დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებულიყო, ალბათ არის პროცესი, რომელიც მისგან უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს. ეს დაკავშირებულია პარტიაში შიდა ბზარების გაჩენასთან, გაუგებრობების გაძლიერებასთან. ალბათ, ივანიშვილმა შემკვრელის როლი უნდა ითამაშოს, რასაც კარგად გაართმევს თავს, რადგან ამის უნარი უკვე გამოავლინა.
„ქართული ოცნება“ დასახულ ამოცანას ავად თუ კარგად თავს ართმევს. საქართველოში უკულტურო ნაწილი კულტურულ ნაწილს ებრძვის, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც. ეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკეთ გამოჩნდა. პოლიტიკური პარტიის მთავარი მისიაა შეაკავოს ის აგრესია, რომელიც უკულტურო ნაწილისგან მოდის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ხელისუფლებამ, ასევე, საზოგადოება იმ ქარტეხილში არ უნდა შეიყვანოს, რომლიდან გამოსვლაც გაუჭირდება და ამის მაგალითები წარსულ რეჟიმებში გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოწვეული იყოს პარტიაში ისეთი პირების არსებობით, რომლებიც მისთვის მიუღებელია და თქვენი გადმოსახედიდან, თუ გვხვდებიან ასეთი პოლიტიკოსები?
- ეს თავად ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. არ მგონია, რომ ზოგადად არსებობდეს ისეთი პარტია, მისი წევრები ერთნაირ მოწონებას რომ იმსახურებდნენ. ზოგი მეტად სერიოზული პოლიტიკოსია, ზოგი - ნაკლებად. თუმცა საერთო სურათით „ქართული ოცნება“ ასე თუ ისე ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამ ხალხს პირადად მე ახლოს არ ვიცნობ, თუმცა გამიგონია, რომ არსებობენ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ მოხვდნენ. თუ პოლიტიკოსს აქვს კვალიფიკაცია, (წინა, სხვა) ხელისუფლების მსხვერპლია და არა - დანაშაულის ჩამდენი, შესაძლებელია მასთან თანამშრომლობა.
- პირადად თუ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს და როგორ აფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან მის პიროვნებას?
- მე მას პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ადამიანია, ვისაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ. მას აქვს ალღო, საჭირო უნარები და საქმის ნიჭი. გარდა ნიჭიერებისა, ძალიან კარგი დაკვირვების უნარი აქვს.
- პოლიტიკურ სპექტრში რომელ პროცესში გამოიხატა მისი გამჭრიახობა?
- თუნდაც იმაში, თუ როგორ გაუწია ორგანიზება პოლიტიკაში (პირველად) შემოსვლას - მიიზიდა მხარდამჭერები, დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყანას პრობლემები აარიდა. არც ვიცი, როგორი იქნებოდა საქართველო წინა ხელისუფლებისმაგვარი ადამიანები რომ მოსულიყვნენ მმართველობაში.
- გულისხმობთ იმას, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უფრო სამართლიანები და ძლიერები არიან?
- სამართლიანობის თვალსაზრისით შედარებაც არაა, რადგან წინა რეჟიმში ადამიანებს სისტემურად აწამებდნენ. დღეს ადამიანის უფლებები დაცულია და თუ რამე გადაცდომაა, საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება მოჰყვება. ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ძლიერია; ისეთი ადამიანებიც გათამამდნენ, რომლებსაც წინა პერიოდში ხმა არ ამოუღიათ, თუმცა მათ თვალწინ ხალხს აწამებდნენ. მათ ხელისუფლების ეშინოდათ, რადგან აქციებიდან დაბრუნებულებს სასტიკად ეპყრობოდნენ. დღეს საქართველოში სიმამაცე ნებადართულია, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
რაც შეეხება ძლიერებას, ხალხს ის ჰგონია უძლური, ვინც არ აშინებს. საზოგადოება ვერ ასხვავებს სისასტიკესა და ძლიერებას ერთმანეთისგან, არადა სისასტიკის უკან უძლურება დგას, ხოლო დემოკრატიის უკან - ძლიერება.
ჩვენს ქვეყანაში ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბევრი იმედგაცრუება არსებობს. ობიექტურში ის წინასაარჩევნო დაპირებები იგულისხმება, რომელთაც მმართველმა პარტიამ თავი ვერ გაართვა. სუბიექტური მიზეზები კი ერთ მოვლენას უკავშირდება: ჩვენ გვინდა ევროპელებს ვგავდეთ, თუმცა ისინი ჩვენგან განსხვავებით საარჩევნო ბიულეტენში მესიას არ ეძებენ რომ შემოხაზონ - ადამიანს ირჩევენ. საქართველოში კი პირიქითაა - ყოველთვის ელოდებიან იმას, ვინც „ხალხს უშველის“. უნდა ვიცოდეთ, რომ მმართველი გუნდის შესაძლებლობები ჩვეულებრივი ადამიანების შესაძლებლობების ფარგლებშია და არა - ზებუნებრივ ილუზიებში, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვიქმნით.
- როგორც ახსენეთ დღეს ადამიანებმა ხმა აიმაღლეს და უფრო თამამები გახდნენ. ხომ არაა ეს იმით გამოწვეული, რომ საზოგადოება განვითარდა - მრავალი ალტერნატიული წყაროდან ინფორმაციას თვითონვე იღებენ. თუ ეს პროცესი პირდაპირ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული?
- ადამიანებს ინფორმაცია მაშინაც ჰქონდათ, თუმცა შემდეგ მიიჩნიეს, რომ სიმართლის თქმის დრო მოვიდა. თუ ხელისუფლებიდან გვაშინებენ, მაშინ სიმართლის თქმის ძალა არ გვაქვს, ხოლო თუ სიმამაცე ნებადართულია (როგორც დღეს), მაშინ ხმა უნდა აიმაღლო. ჩემი აზრით კი სიმართლის თქმის დრო ყოველთვისაა, გააჩნია შენ როდის გაქვს შნო. კარგია, იმ დროსაც რომ შეგიძლია ხმის ამოღება, როცა საკუთარი უსაფრთხოება შეიძლება დაცული არ იყოს. როგორ უკვე ვთქვი, ადამიანები ინფორმირებული იყვნენ, თუმცა მაინც თანამშრომლობდნენ რეჟიმთან, შემდეგ კი თავიანთი პასიურობის გამართლება იმ ადამიანების კრიტიკით დაიწყეს, რომლებიც მაშინ ხმას იღებდნენ.
- თუ გქონიათ რამე შემოთავაზება „ქართული ოცნებისგან“ რომელიმე თანამდებობაზე და რამდენად გაქვთ სურვილი იყოთ ამ გუნდის წევრი?
- მე უპარტიო ადამიანი ვარ და არ ვაპირებ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან შეერთებას. „ქართული ოცნების“ მხრიდანაც არ ყოფილა რაიმე სახის შემოთავაზება.
- როგორც ყოფილი კულტურის მინისტრი, როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ მიერ ამ უწყებაში დანიშნულ მინისტრებს და რა სჭირდება ქვეყანას კულტურის განვითარებისთვის?
- კულტურის სამინისტროს დღევანდელ შემადგენლობასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს და არც მსურს რომ მქონდეს. მინდა აღვნიშნო, რომ იქ მუშაობენ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, თუმცა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არ მაქვს. როცა კონტაქტის სურვილი არ მაქვს, ეს ალბათ რაღაცაზე მეტყველებდეს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, სამინისტროს სხვა ხარვეზებზე რომ არ შევჩერდე, ვფიქრობ არეული აქვთ ღირებულებები, რადგან მილიონებს ხარჯავენ შოუ-ბიზნესის დასაფინანსებლად, მე კი ასე ვიტყვი ბიზნესი უნდა კვებავდეს ბიუჯეტს და არა პირიქით - ბიუჯეტი ბიზნესს.
რაც შეეხება კულტურულ განვითარებას, ერთნაირად მნიშვნელოვანია ლიტერატურაც, თეატრიც, კინოც და სხვა მიმართულებებიც. თუმცა სამინისტრო ერთია, ხოლო კულტურა - მეორე. სამინისტრო ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე იმ მხრივ ზრუნავს, რომ მაგალითად, თეატრების დასს ინახავს. არ მინდა რომ სამინისტროს მუშაობის ტექნიკაში ღრმად ჩავერიო.
- ისევ „ქართული ოცნების“ მმართველობაზე რომ გადავიდეთ, მათ მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმას თუ გაიხსენებდით, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა?
- ჯანდაცვის რეფორმა ყველაზე თვალსაჩინოა, რომელიც ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე პოზიტიურად გამოსცადა. ამ მხრივ პრობლემები ხშირია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობა და თქვენი გადმოსახედიდან, არის თუ არა მისი სამომავლო ამბიცია პრემიერობა?
- რთულია სამომავლო ამბიციების შეფასება, თუმცა კალაძის ბიოგრაფია სავსეა გამარჯვებებით. ვფიქრობ, კალაძე კარგად ითავსებს დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. რაც შეძლო მან საერთაშორისო და ქვეყნის ასპარეზზე - ეს მისი ნიჭიერების დამსახურებაა.
- მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და თავად საქართველოში დაბრუნდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაჯერებელია მისი ეს განცხადება და რა გავლენას ახდენს ამომრჩევლებზე?
- როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის უკრაინელი პოლიტიკოსია, ამიტომ ვერ ვხედავ რა საერთო უნდა ჰქონდეს საქართველოსთან.
როცა საქართველოს პრეზიდენტად გირჩევენ და მოგვიანებით ამბობ, რომ ხარ უკრაინელი პოლიტიკოსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერაფერი გააცნობიერე. მისი განცხადებები მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. საქართველოში დაბრუნება კი კარიერისტული ვნებების დასაკმაყოფილებლად სურს. ცნობილია რომ სამართალდამცველები ეძებენ და ალბათ მათთან სათანამშრომლოდ ბრუნდება.
ჟურნალისტების განხილვის საგნად ისევ რჩება მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართულმა ჟურნალისტიკამ კულტურული ველი უნდა განავითაროს და კულტურული საქართველო გამოიყვანოს ასპარეზზე.
- როგორ აფასებთ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას და რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული?
-საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკური ალიანსისკენ, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა აშშ-მა. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი ძლიერი გავლენა და მხარდაჭერა, ჩვენ ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რასაც მეზობლების ფაქტორიც განაპირობებს.
- რა რჩევას მისცემთ მმართველ გუნდს, რა უნდა იყოს პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის?
- ხელისუფლებამ თავი უნდა გაართვას დაკისრებულ მოვალეობებს იმდენად, რომ შევძლოთ მოვიცალოთ საინტერესო ცხოვრებისთვის. ხელისუფლებამ, ასევე, უნდა განავითაროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ სამშობლო შევინარჩუნოთ და შინაარსიანი, საინტერესო ცხოვრება იყოს.
ეს პროცესები საზოგადოებაზეცაა დამოკიდებული. საქართველოს მოსახლეობა დღეს, ძირითადად, სხვის ფანჯარაში ყურებითაა დაკავებული. გაიშვიათდა საკუთარი საინტერესო ცხოვრებაც, თუმცა ეს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული.
დღევანდელი ქართული ფსევდოლიბერალიზმი არ ჰგავს ილიას ლიბერალიზმს. მგონია რომ განსხვავდება იურისტ ილია ჭავჭავაძისა და ფილოლოგ თომას ჯეფერსონის ლიბერალიზმისგან.
ჰგონიათ რომ თუ ლიბერალს დაირქმევენ, მათი პროვინციული ბუნება ამით დაიმალება. ამის ტენდენციაა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ლიბერალურად აზროვნებენ.
ყველა დიდი უსამართლობა კაცობრიობაში კი - დიდი სამართლის სახელითაა ჩადენილი.
წყარო: eurus.ge