logo_geo
eng_logo
თორნიკე ზედელაშვილი: ეს ლუკაშენკოც კაი ჭორიკანა ყოფილა!
- +

3 მაისი. 2018. 23:27

 

 

ტყუილად არ ამბობენ ხოლმე, პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენო. ა, ჩამოვიდა „ბატკა”, ბელორუსის პატრონი, რუსეთის ქვეშემრდომი, გაშინაურდა, ჭაჭა გადახუხა, ხაჭაპური გაგლიჯა, თვალზე ცრემლი მოადგა, მარგველაშვილს წითელი ტრაქტორი აჩუქა, რაღაცები გაიკითხ-გამოიკითხა და წავიდა. წესით, სათესლე კარტოფილიც უნდა დაეტოვებინა, მაგრამ არ ვიცი, დატოვა თუ არა. შემდეგ ნახა მომენტი, თავის პარლამენტს ანგარიში „გაუკეთა”, გამოვიდა და დაიწყო ლაქლაქი – გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირწავარდნილი რუსიაო:

 

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული „ჯაველინების“, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც“.

 

დარწმუნებული ვარ, ლუკაშენკომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ გამოსვლით კვირიკაშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, მაგრამ მაინც „გარისკა”, ეს კაცი 75-პროცენტიანი რუსიაო (ნეტა როგორ გაზომა?). საქართველოს პერმიერ-მინისტრი იძულებული გახდა, მის პრესსამსახურს განცხადება გაეკეთებინა:

 

„პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“.

 

რა არის ამაში ცუდი? რა თქვა კვირიკაშვილმა ისეთი, რაც არ არის რეალობა? საქართველოში არც ერთი ერის მიმართ არ არსებობს აგრესია და ეს არის ძალიან კარგი, ჩვენ ამით ვამაყობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვარბევენ, გვაყაჩაღებენ, ტერიტორიებს გვართმევენ, ყველას ვიფარებთ და ვპატრონობთ. რაც შეეხება რუს ბებიას, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს რუსეთის ხსენებაზე ნოსტალგიური ცრემლები ახრჩობს. საქართველოში, ალბათ, ყოველ მეორე ოჯახშია ან რუსი ბებია, ან ოსი ბაბუა, ან კიდევ ებრაელი ბიძა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალიან გაბუქა და მიუღებელი ფორმით წარმოაჩინა ჩვენი რეალობა, თავისი გამოსვლა ჭორიკნობას დაამსგავსა (ამიტომაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ), თორემ ცუდი არაფერი უთქვამს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს – მოდიან, პატივს ვცემთ, ზედ ვყვებით და მერე ისეთებს იგონებენ, პირი ღია გვრჩება სამუდამოდ. ისე, ლუკაშენკოც კაი ჭორიკანა ყოფილა, ხო იცით!

 

თორნიკე ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner