2018 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან გაიქცა. ალბათ გახსოვთ, 2012 წლის თებერვლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილიც გაიქცა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობიდან.
მარგველაშვილი აშკარად ვერ იყო ფორმაში. მივიდა, ვითომ საანგარიშო მოხსენებით და სინამდვილეში დიდი ბოდიალი გამოუვიდა – ჯერ უსაგნოდ დასცხო „ქართულ ოცნებას”, ციფრებისა და ფაქტების გარეშე, შემდეგ კი ხელი მიჰყო საკუთარი თავის ქებას, რომელსაც კიტრის ფასიც კი არ ადევს. აი, მე რომ განათლების მინისტრი ვიყავი რამდენიმე თვით, საქმე მაშინ კეთდებოდა, მას მერე არაფერი გაკეთებულაო… აი, თქვენ ყველაფერი გააფუჭეთო, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ჩამოშალეთო, ინსტიტუციებს დედა უტირეთო. ეს სულგაყიდული არასამთავრობოების „პესნიაა” და აშკარად ჩანს, მარგველაშვილმა თავი ვერ დააღწია მათ გავლენას. შავ დღეში ჩავარდა ხათრით არჩეული პრეზიდენტი, აქედან „ოცნებამ” შეუტია, იქიდან – „ნაცხროვამ”. გაღიზიანდა კაცი, გაშრა, გაფითრდა და დებატები მოითხოვა, ყველას პასუხი უნდა გავცეო. უარი უთხრეს, რეგლამენტი მაგას არ ითვალისწინებს, თუ გინდა, ბოლოს გამოდი და ილაპარაკეო. ჩაჯდა მანქანაში მარგველაშვილი თავის ამფსონებთან ერთად და გამოქუსლა თბილისში. გაქცევის თვალსაზრისით, ასე იოლად დაამხო მიხეილ სააკაშვილის რეკორდი!
2012 წლის თებერვლის 29 რიცხვი იყო… მიშას პარლამენტში ველოდებოდით, გვაინტერესებდა, დამარცხებამდე ცოტა ხნით ადრე როგორი ყაიდის ანგარიშით გამოვიდოდა, მაგრამ ჯონდი ბაღათურიამ მოუსპო გამარჯვების იმედი.
ამონარიდი ჯონდი ბაღათურიას მაშინდელი კომანტარიდან: „ყველა სიტყვა, რაც მე ვთქვი, გამყარებულია დოკუმენტებით და ამ სიმართლეს მიხეილ სააკაშვილი ვერ გაექცევა. პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების გამდიდრების პირდაპირპროპორციულად ხალხი გაღატაკდა სახელმწიფოში და 2 მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება“.
მაშინ ჯონდიმ „გაახურა”, რომ ბალნეოლოგიური კურორტი სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზმა დაითრია, ხოლო დედამ – გიული ალასანიამ თითო ლარად დიდი ქონება ჩაიგდო ხელში. მიხეილი საერთოდ მოიშალა, ჯონდი ბაღათურიას ბალნეოლოგიური კურორტის ტალახში დაზელვა შესთავაზა, შემდეგ კი ადგა და დაეშვა ფეხით ჩიტაძის ქუჩაზე. ამ სხდომას მეც ვესწრებოდი, როგორც ჟურნალისტი… ამბავი მოიტანეს, მიშას ვანო მერაბიშვილი გამოეკიდა და მოაბრუნაო. მართლაც, დაახლოებით 15 წუთში მობრუნდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, მიშა მზად იყო ჯართში ჩასაბარებლად. ცუდი ისაა, რომ მარგველაშვილს არავინ გაჰყვა მოსაბრუნებლად, ყველა მას მიჰყვა. ტიპმა აშკარად იზარმაცა… იფიქრა, ბოლო გამოსვლა მაქვს და მკიდიაო. თავი არ შეიწუხა, ფაქტები არ მოიძია, მტკიცებულებები არ დადო, უბრალოდ ენა მოიფხანა და ამიტომაც იძულებული გახდა, თბილისისკენ გამოექუსლა. იმასაც ამბობენ, სიჩქარეში ცალ ფეხზე „ტუფლი” გასძვრა და აბაშიშვილმა ძლივს ჩააცვაო. ვაახ, რას არ გაიგებ?!
გელა ზედელაშვილი