ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც facebook-ის ოფიციალურ გვერდზე „ბლექ სი არენამ“ გამოაქვეყნა.
მიმართვაში მორიკონე აღნიშნავს, რომ მსმენელისთვის შეასრულებს როგორც ნაცნობ და საყვარელ კინომუსიკას, ასევე – უცნობ ნამუშევრებს.
„19 მაისს ვიქნები საქართველოში და „ბლექ სი არენაზე“ ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტს შემოგთავაზებთ. კონცერტისთვის შევარჩიე მუსიკა, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე შესრულდება ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მსურს, თქვენც გაგაცნოთ.
იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ. ორკესტრი კარგად დაუკრავს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი გუნდიც კარგად იმღერებს. მე მომწონს მათი ვოკალი. მომღერლები ღირსეულად წარდგებიან თავიანთი მაყურებლის წინაშე. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ თქვენ წინაშე კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მაქვს.
მოკითხვას ვუთვლი მაყურებლებს იმ იმედით, რომ მათ ყველაფერი მოეწონებათ“, – ამბობს მორიკონე.
ენიო მორიკონე საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართება და 2018 წლის „ბლექ სი არენას“ სეზონს გახსნის.
ლეგენდარული კომპოზიტორი „ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება.
მაესტრო პირადად უდირიჟორებს ორკესტრს, ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით მიიღებს.