ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან. ამის შესახებ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკოლაძის განმარტებით, მსჯავრდებულები მოითხოვენ, მათი ცემა-წამებისა და სხვა მიმართულებებით დაწყებული გამოძიება წარიმართოს ეფექტურად და დამნაშავეები დაისაჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხეულის თვითდაზიანებებით იმუქრებიან.
„აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე - პატიმართა ცემა-წამების, მოწმეთა ცემა-წამების, თანხების მითვისების და სხვა ფაქტებზე. დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არცერთ საქმეზე პროკურატურა არ აპირებს არანაირი შედეგის დაყენებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებიც არ მიმდინარეობს. მსჯავრდებულები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ისინი აპირებენ, მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას - სხეულის დაზიანებას. თუ პროკურატურა აღნიშნულ პირებს არ ცნობს დაზარალებულებად, თუ პროკურატურა არ მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მსჯავრდებულები აპირებენ, მიმართონ პროტესტის ამ უკიდურეს ზომას", - განაცხადა ნიკოლაძემ.
აქვე, ნიკოლაძის თქმით, საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ალეკო ელისაშვილის დახმარებით, ორი ახალი ადვოკატი - მალხაზ ჯანგირაშვილი და დავით კორკოტაშვილი დაიცავენ. ნიკოლაძის თქმით, ანასტასია ზაუტაშვილს ალეკო ელისაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე დაჰპირდა, რომ მსჯავრდებულების განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმეების გამოძიებაში დაეხმარებოდა.
„შეხვედრა შედგა საპატიმრო პირობებში. ამ შეხვედრაზე ბატონმა ელისაშვილმა როდესაც მოისმინა ქალბატონი ანასტასიასგან საქმეების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, გამოთქვა სურვილი, დახმარებოდა ამ თუ იმ ფორმით, რომ მიღწეულიყო შედეგი. ეს დახმარება იმაში აისახა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატები ჩაერთვნენ ამ საქმეში და ერთობლივი კოორდინაციით გავაგრძელებთ მსჯავრდებულების ინტერესების დაცვას", - განაცხადა ნიკოლაძემ.