logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მიდი, რედაქტორო, დაატრიალე შენი „ჯიხადის მახვილი“!
- +

5 მაისი. 2018. 16:11

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„3 მაისს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარ რედაქტორს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს ირაკლი თოდუას“, - ამ წერილის შემოკლებული ვარიანტი გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნდა, ახლა კი სრულ ვერსიას გთავაზობთ:

 

„რედაქტორო, დაატრიალე შენი „ჯიხადის მახვილი“!

 

29 აპრილის დილა.

„ირაკლი თოდუა გარდაიცვალა“ - წავიკითხე მესიჯი და ვიგრძენი, როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ მთელ სხეულში; ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში ბურთი და როგორ გამიჭირდა სუნთქვა.

 

დავრეკე და, კი, წუხელ გარდაიცვალა, - დაიძინა და აღარ გაუღვიძიაო.

 

დამენანა, ლოგინში სიკვდილისთვის დამენანა.

 

ჩვენ არ ვიცით, ვინ როგორ გამოვემშვიდობებით წუთისოფელს, მაგრამ ალბათ ყველას სურს, რომ ბოლო წამს სიკვდილს თვალი გაუსწოროს.

 

ირაკლი თოდუას კი სიკვდილი ვერაგულად მიეპარა.

 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი გამოსათხოვარი წერილის დაწერა მომიწევდა. ანდა როგორ უნდა წარმოიდგინო - ჩვენ ხომ ამაზე არასოდეს ვფიქრობთ; ჩვენ გვგონია, რომ მეგობრები სულ გვერდით გვეყოლებიან... მაშინაც კი, თუკი თვე ისე გავა, არც შევეხმიანებით, სულ ვგრძნობთ, რომ ჩვენს გვერდით არიან...

 

ძალიან მიჭირს, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. არადა, სამშაბათი თენდება, გაზეთის დასაბეჭდად მომზადების ბოლო დღე, და ჩამესმის ირაკლის სიტყვები: „მაინც ბოლო წუთამდე უნდა მიიყვანო საქმე?! დაწერე, ამ ნომერში მჭირდება!“

 

ამას წინათ ჩემს არქივს ვათვალიერებდი და რამდენი წერილი ვნახე, შლეიფად რომ გასდევს ერთი სიტყვა - „დაწერე!“

 

ღამეს გავათენებდი, დავწერდი და, - „ეს რამდენი დაგიწერია?!“ - მეტყოდა. ვთხოვდი - „დაატრიალე ახლა შენი „ჯიხადის მახვილი“ და რაც არ მოგეწონება, ერთიანად ამოჩეხე!“

 

ასე იცოდა თქმა. ავტორის წერილს რომ გამომიგზავნიდა დასამუშავებლად, თან მოაყოლებდა - „დაატრიალე „ჯიხადის მახვილი!“, რაც მკაცრ გასწორებას გულისხმობდა.

 

ახლაც ბოლო წუთამდე მივიყვანე, ჩემო ძმაო!

 

დავწერ, მაგრამ შენ, შენ წაიკითხავ?! შენ დაატრიალებ „ჯიხადის მახვილს“?!

 

მთელი დღე ვფიქრობდი, საიდან დამეწყო, როგორ გამეხსენებინა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციაში ერთად მუშაობის სამოცდაოთხი თვის თითოეული დღე, თითოეული საათი...

 

კინოქრონიკასავით გარბის კადრები და სამშაბათზე ჩერდება. მერე ისევ გარბის და ისევ პაუზა - სამშაბათი!

 

განსაკუთრებული დღე იყო სამშაბათი, როცა ირაკლი თოდუას ნიჭიერების ფოიერვერკი იწყებოდა - პირველი გვერდი!

 

ყველამ ვიცოდით მისი „სისუსტე“ - პირველი გვერდი აუცილებლად გამორჩეული უნდა ყოფილიყო.

 

და ამ დროს განსაკუთრებით იჩენდა თავს ირაკლი თოდუას მაღალი პროფესიონალიზმი და „გაზეტჩიკის“ ალღო.

 

რას არ იგონებდა!..

 

ჩვენ რომ გვეგონა, ახლა, ამ წუთას მოაფიქრდა, სინამდვილეში ნომრის დაგეგმვის დროს უკვე მთლიანობაში ხედავდა გაზეთს - პირველიდან ბოლო გვერდამდე. და მთელი კვირა გონებაში აწყობდა და აწახნაგებდა, როგორც პატიოსანი იუველირი, რომელიც ხელს არ გაიფუჭებს.

 

ძალიან მაღალი თამასა ჰქონდა. გაზეთის თითოეული ნომერი უფრო და უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო.

 

პროფესიონალიზმი სძენდა სითამამეს - ბრწყინვალე ჟურნალისტი და არაჩვეულებრივი რედაქტორი იყო...

 

„კარგია?“ - მკითხავდა და მეც ღიმილით ვპასუხობდი - „ყველა გაზეთი რედაქტორს ჰგავს.“

 

მართლაც ასეა, ირაკლი ჩემთვის პირველი რედაქტორი არ იყო და კარგად ვიცი, როგორ იმსგავსებენ რედაქტორები გაზეთებს.

 

როგორც შვილებს...

 

შესანიშნავი მეუღლე და საოცარი მამა იყო. როცა ტელეფონზე ურეკავდნენ და უცბად ხმა დაუთბებოდა, ვხვდებოდით, რომ მაიას ელაპარაკებოდა. „ლომი ხარ!“ - პირველად რომ ვუთხარი, მკითხა, რატომო. და მეც ვუპასუხე: „იმიტომ, რომ მეფე ხარ და მეუღლედ დედოფალი გყავს.“

 

გაეცინა.

 

რამდენჯერ შევსწრებივარ, როცა მაია დაურეკავდა, როგორ იცვლებოდა, როგორ მშვიდდებოდა ძალიან გაბრაზებულიც კი...

 

მათ სიყვარულს მალვა აღარ სჭირდებოდა... მართა, მათე და ლაზარე - ცხრა ბედნიერი წელი და სამი ულამაზესი შვილი აჩუქა მაია მარგველანმა ირაკლი თოდუას.

 

კვირას, როცა მეგობარს ირაკლის გარდაცვალების შესახებ ვესაუბრებოდი, ცრემლი ვერ შევიკავე - როგორ შეჰხაროდა თავის შვილებს და რა პატარები დაობლდნენ...

 

უფროს ვაჟთან - რეზიკოსთან მისი დამოკიდებულება თვალნათლივ გვიჩვენებდა მამა-შვილის მჭიდრო კავშირს, რომელიც დიდ სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნებოდა.

 

არ მახსოვს ხმამაღლა დალაპარაკებოდა - თითქოს უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.

 

რეზიკოსთან მისმა ურთიერთობამ მათქმევინა, - „შენ ისეთი კარგი მამა ხარ, ბევრი შვილი უნდა გყავდეს!“ - როცა გავიგეთ, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. მართას გაჩენამ მეცხრე ცაზე აიყვანა. სიცილით გვიყვებოდა, როგორ ავლენდა ხასიათს პატარა პრინცესა...

 

კარგი მეგობარი იყო ირაკლი თოდუა - ერთგული და ყურადღებიანი მეგობარი. მან მე იმ დროს გამომიწოდა ხელი, როცა ყველაზე მეტად მჭიდებოდა როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. 2009 წლის თებერვალში დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. „ახალი გაზეთის გამოშვება დავიწყეთ. მოხვალ ჩვენთან?“ - ძალიან კორექტულად მკითხა. იცოდა, რომ იმ დროს ჩემთვის ეს მხოლოდ სამსახურის შემოთავაზება არ იყო - მაშველი რგოლი გადმომიგდო და ეს ისე დახვეწილად გააკეთა, თითქოს უჩემოდ გაზეთის გამოცემას ვერ შეძლებდა.

 

სამოცდაოთხი თვე ვიმუშავეთ ერთად. 2010-12 წლებში კი ორ ფრონტზე მიწევდა ბრძოლა - „საქართველო და მსოფლიოდან“ და „ობიექტივიდან“. 2012 წლის 18 სექტემბრის გვიან საღამოს, ცნობილი „ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ, როცა გაზეთი დასაბეჭდად თითქმის უკვე მომზადებული იყო, ჩემს სამუშაო ოთახში შემოვიდა და მითხრა: „სარედაქციო წერილი გვჭირდება პირველი გვერდისთვის“. ეს იყო მახვილის გადმოცემა გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად. და ეს მახვილი მე უნდა მომექნია, - ეს წერილი მე უნდა დამეწერა, როგორც „საქართველოს და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს და როგორც „ობიექტივის“ ტელე და რადიოწამყვანს.

 

ამითაც გამოჩნდა, რომ ირაკლი თოდუა არაჩვეულებრივი რედაქტორი იყო!..

 

ჯერ თავს ვერ ვუყრიდი სიტყვებს და ახლა კალამი გამექცა. არადა, კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი ირაკლი თოდუას სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, სამშობლოს მიმართ მის დიდ სიყვარულზე, მის დიდ კაცობაზე...

 

ამის დროც მოვა...

 

ახლა კი მიდი, რედაქტორო, მიდი და დაატრიალე შენი „ჯიხადის მახვილი“,-  დაგვაბრუნე ძველ რეალობაში - დღეს სამშაბათია და გაზეთის პირველი გვერდია გასაკეთებელი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner