NATO რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს. ამის შესახებ NATO -ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი რუსეთის ქმედებებზე „დამაჯერებელი შემაკავებელი ფაქტორების საშუალებით" უნდა რეაგირებდეს, რაც ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.
„მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ამჟამად განიხილება გეგმა, რომლის თანახმად, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონი, რომელიც როტაციული პრინციპით იმოქმედებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრ ქვეყნებში ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღებენ.
იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრზე აპირებს თავდასხმას. „თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის სრული სოლიდარობა უზრუნველვყოთ და ამავდროულად, გავატაროთ შეკავების პოლიტიკა", - განაცხადა სტოლტენბერბმა. მისივე თქმით, ნატო-ს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია ან ცივი ომის განმეორება.