პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მარში გაიმართა, რომელიც მისი არჩევის წლისთავს ემთხვევა. ქალაქის ქუჩებში წესრიგს დაახლოებით 2 ათასი სამართალდამცველი და ჟანდარმერი იცავს.
აქცია მემარცხენე პოლიტიკურმა მოძრაობამ მოაწყო. ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
მანამდე, სამართალდამცველი ორგანოები იტყობინებოდნენ, რომ 1 მაისს პარიზში ანარქისტული დემონსტრაციის დროს ქუჩებში დაახლოებით 1,200 ადამიანი გამოვიდა. აქცია პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაში მონაწილე 102 პირი დააპატიმრეს.