საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილებისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვართან კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ატენისა და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, წელს ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ჩატარდება.
მიტროპოლიტი ანდრია, მღვდელმსახურებთან ერთად, საზეიმო წირვას სოფელ მეჯვრისხევის ტაძარში აღავლენს.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საგანგებო განცხადება ჯერ გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და „საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი“.
მურად ჯიოევმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაცია უწოდა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.
ბოლო პერიოდში მოსახლეობა ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ვეღარ დადის. ამ დრომდე იქ მხოლოდ სამღვდელოება ახერხებდა ასვლას და მღვდელმსახურების ჩატარებას.