საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა.
სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს, ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობის ბრალდებით. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ მცირე ნავთობ-ტანკერ Sovereign M- ის ეკიპაჟში იყო. ის ტანკერზე მზარეულად მუშაობდა.
2018 წლის 29 აპრილს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ამჟამად ლიბიის ციხეში პატიმრობაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება, გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე, რომლებიც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გასულ წელს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.
სამი კვირის წინ ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ დაბრუნდა ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბაც.