საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი აზრით ძალიან არასერიოზულია მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა, იმისათვის, რომ ეს ქართული ნარკო აპოკალიფსი დავამარცხოთ. როგორც ჩანს, ზოგი სერიოზულად თვლის, რომ სახელმწიფომ ნამდვილი კოლუმბიური (და არა აფრიკული) სუფთა კოკაინითა და ავღანური ბიოლოგიურად სუფთა ჰეროინით დატვირთული გემები უნდა შემოიყვანოს ფოთის პორტში როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, ამ სინთეტური ჯოჯოხეთის დასამთავრებლად. ამას არც ერთი სახელმწიფო არ გააკეთებს! არც ერთი!
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ჰუმანური აქტია და არ ნიშნავს ლეგალიზაციას. დეკრიმინალიზაცია მით უმეტეს. ჩემი აზრით ასეთი რადიკალური მოთხოვნები კიდევ უფრო ამცირებს ნამდვილი ჰუმანური და გონიერი ნარკოპოლიტიკის პერსპექტივას, რადგან ის ეჭვებს აჩენს ისედაც გადაჭარბებულად ეჭვიან სკეპტიკოსებში: როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში... სკეპტიციზმი კი, მიუხედავად მისი ლოგიკურობის ხარისხისა, ადამიანის უფლებაა, რომელსაც ვერ წაართმევ.
დღევანდელი გამარტივებული კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების პირობებში სულაც არ ვთვლი შეუძლებლად, ამ სინთეტური საწამლავის მხოლოდ ფორმულა იყიდებოდეს უბრალო მაილის საშუალებით და ის საქართველოში მზადდებოდეს. ნამდვილად არ მგონია რომ ამ საწამლავის დამზადებას „სილიკონ ვალე“ სჭირდებოდეს. ჩემი აზრით, ასე თუ ისე ნორმალურად აღჭურვილი სასკოლო ქიმიის ლაბორატორია სრულიად საკმარისია ამისათვის...
მე, რა თქმა უნდა, არ ვდებ თავს ამ საქმის ექსპერტობაზე. არ ვიცი როგორ უნდა გადაიჭრას ეს საშინელი პრობლემა. უბრალოდ ისევე როგორც ყველა, ძალიან შეწუხებული ვარ იმით რაც ხდება, თანაც განვითარებული დემოკრატიისა და ლიბერალურ ქვეყნებში რაღაც მეც მინახავს და ვიცი, რომ იაფფასიან სინთეტურ ნარკოტიკს იქაც ბევრი მოიხმარს, მიუხედავად იმისა , რომ მიმე ნარკოტიკების შეძენა, თუ ფული გაქვს, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მათი გარკვეული დოზით პირადი მოხმარების მიზნით ქონაც არ ისჯება. პრობლემა იმაშია, რომ ვინც მძიმე ნარკოტიკს რეგულარულად იღებს საკმარისი ფული არასდროს არა აქვს (თუ მაინცა და მაინც მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდი არა ხარ - ისიც ახალგაზრდობაში) ამიტომ იაფფასიანი ნარკოტიკების ბაზარი ყოველთვის იქნება და მისი კლიენტები ყოველთვის უფულო ან შემტხვევითი, ფეხისხმას აყოლილი მომხმარებლები იქნებიან - ისეთები, ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე რომ აქვთ გასინჯული ნარკოტიკი და სამწუხაროდ ეს სულელური გამოცდილება ზოგიერთი მათგანისათვის ისევ ფატალურად დასრულდება...
სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა, თავისი უკლებლივ ყველა ინსტიტუციით აქ ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მესმის იმ ადამიანების, ვისაც პროტესტის გრძნობა აქვს ნარკოპოლიტიკის სრულყოფის ძალიან ნელი პროცესის მიმართ. ეს პრობლემა საქართველოს უმთავრესი პრობლემაა, იმავე რანგის, როგორც ტერიტორიების ოკუპაცია, რადგან ქვეყანა, სახელმწიფო, მხოლოდ სახელით მარკირებული ტერიტორია არ არის.
P.S. და კიდევ - სრული სისულელე მგონია კლუბების დემონიზაცია! სინთეტური ნარკოტიკების მიღება ყველგან შეიძლება სადაც ადამიანები იკრიბებიან - რესტორნების დახურვით ალკოჰოლიზმს ვერ დაამარცხებ“, - წერს ქურდაძე.