1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა გენერალ-ფელდმარშალი, დიპლომატი გრაფი მიხეილ ვორონცოვი (1782 - 1856). თბილისში ჩამოსვლისას მ. ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. რადგანაც ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრი (მანამდე რუსული წარმოდგენები იმართებოდა მეფისნაცვლის სასახლის გვერდით, ყოფილ თავლაში, რომელიც თეატრის ასპარეზად იყო გადაკეთებული), ამიტომ მან ახალი თეატრის მშენებლობაზე დაიწყო ზრუნვა. თეატრის შენობის ასაგებად ამორჩეულ იქნა ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანზე) არსებული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა ქართველ თავადიშვილს ესტატე ციციშვილს, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი "ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ" გაყიდა. რადგან თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი ხაზინას არ გააჩნდა, გადაწყიტეს მისი აგება სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე. ვორონცოვმა დახურული ბაზაზხანის ვაჭრებს თხოვნით მიმართა, თეატრის ასაგებად შეექმნათ ამხანაგობა და ყველას შესაფერისი ფული გაეღო. შენობა უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, შიგ თეატრი, გარშემო კი მაღაზიები, სადაც ბაზაზხანის მოვაჭრენი იქნებოდნენ, ან შეეძლოთ მისი გაქირავება, ხოლო თეატრი თავისი შემოსავლით ქალაქის საკუთრებად უნდა დარჩენილიყო. ბაზაზებმა (მეფართლეებმა) ვორონცოვს უარი შეუთვალეს: ჯერ ერთი, ზედმეტი ფული არ გაგვაჩნია, რაცა გვაქვს, ისიც აღებ-მიცემობასა და საქონელში გვაქვს დაბანდებული და მეორეც - ძველი თბილისიდან ზევით ამოსვლა ჩვენი საქმე არ არის, აქ შეჩვეული მუშტრები გყავს და გაკოტრებისა გვეშინიაო. მაშინ ვორონცოვმა მიმართა კერძო პირებს, რომელთაგან მხოლოდ თბილისელმა ვაჭარმა, გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა სურვილი იმ პირობით, რომ სანაცვლოდ უსასყიდლოდ გადაეცემოდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი (1000 კვ. მ.).
თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა პირობის ძალით სამი წლის განმავლობაში უნდა გათავებულიყო. მშენებლობის გახანგრძლივება განპირობებული იყო აქ ჩამდინარე სოლოლაკის ღრანტე ხევის წყლის გამო, რისთვისაც საჭირო გახდა ქვიტკირის კედლების უფრო ღრმად ამოყვანა და მისი მთლიანად გადახურვა. თეატრის მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817 - 1851), რომელიც თბილისში 1845 წლის ბოლოს ჩამოვიდა მ. ვორნცოვის მოწვევით. თეატრის აშენება 1851 წლისათვის დასრულდა და მცირე ხანში იგი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. კომერციული მიზნით მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, ამიტომ ხშირად უწოდებდნენ „ქარვასლას თეატრით".
თეატრის პირველ სართულზე მოთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 ნელი სარდაფი. მეორე სართულზე - 29 დუქანი, 16 ნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი. მესამე სართულზე - 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა და ისევ ფულის გადასახურდავებელი ოთხი დუქანი. მეოთხე სართულზე 21 მაღაზია ანტრესოლებით. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო. შენობის ცენტრალური ნაწილი, მეორე და მესამე სართული ეკავა თეატრს. ეს იყო მაყურებელთა დარბაზი სცენით - 47 მ. სიგრძის, 25,5 მ. სიგანის და 15 მ. სიმაღლის. იტევდა დაახლოებით 700 მაყურებელს (180 ადგილი - პარტერი, 22 ლოჟა პირველ იარუსში, 25 მეორე იარუსში, 250 ადგილი "ქანდარაზე"). მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთით მდებარეობდა. ფასადები და თეატრის ინტერიერი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ფასადები იყო, როგორც მაშინ წერდნენ, „იტალიური არქიტექტურისა", ხოლო თეატრის ინტერიერი - „აღმოსავლური ხასიათის". ფაქტობრივად, შენობა ეკლექტიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო თბილისში. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის (1810-1893) ესკიზებით - არაბესკებით, ქუფური წარწერებით და ა.შ.
თეატრის მაშინდელი დირექტორი, რუსი მწერალი გრაფი ვლადიმერ სოლოგუბი 1851 წლის გაზეთ "კავკაზში" (N 29) წერდა: "...თავადი გაგარინი... მან კიდევ უფრო სრულჰყო თავისი ნიჭი და დასახლდა რა თბილისში, უკვდავყო სახელი ილუსტრაციებითა და სურათებით კი არა, არამედ მთელი ძეგლებით. სწორედ მან მორთო თბილისის ახალი თეატრი გაუმჯობესებული არაბული სტილით... იგი მიაგავს სტორისა და მორტიმერის მიერ აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს... როდესაც თეატრში შედიხართ, თქვენ გაოცებთ ქვედა იარუსის ლოჟები, რომლებსაც შემოვლებული აქვს თეთრი და ცისფერი ფართო არშია, ფაქიზად შესრულებული მკრთალ-იასამნისფერ ფონზე... ოქროცურვილ პლაფონზე... ჩამწკრივებულია მედალიონები: ესქილეს, სუდრაკის, შექსპირის, კალდერონის, მოლიერის, გოლდონის, გოეთესა და გრიბოედოვის სახელებით..."1856 წელს თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში "კავკასია" წერდა: "უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა... ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა). საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვარით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვებული ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცეკვა, მუსიკა..."თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1851 წლის 8 ნოემბერს გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.
1851 წლის 9 ნოემბერს კი თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური". სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგებიც.
ოპერის დასმა ისეთი წარმატებით დაასრულა 1851-1852 წლის სეზონი, რომ ვორონცოვმა საკმაო თანხები გამოჰყო დამატებით, რათა იტალიიდან კიდევ ჩამოეყვანათ სოლისტები და შეეძინათ საჭირო კოსტუმები. 1853 წელს თბილისში იდგმება აგრეთვე ბალეტი, რომელსაც დიდი მაყურებელი გამოუჩნდა.
თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად "ოპერომანიით" იყო შეპყრობილი.
ვიდრე გრაფი ვორონცოვი ავადმყოფობის გამო კავკასიას და მისი რეზიდენციის მთავარ ქალაქ ტფილისს დატოვებდა, მანამდე იმპერატორს მისწერს: "არ შეიძლება არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ ექვსი წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ ფიქრობდა ასეთ სანახაობაზე, მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც სხვათა შორის იოლად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი "ტუზემცი" სწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან - ქალებისა და ვაჟებისაგან".
ქართული თეატრი ტფილისში მოღვაწე რუს მოხელეთა უკმაყოფილებას იწვევდა. მიაჩნდათ, რომ თეატრი დიდად შეუშლიდა ხელს აბორიგენ ქართველთა საბოლოო გარუსებას, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის კარის ფარულ ინსტრუქციას.თეატრმა სულ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გრიგოლ ორბელიანი წერდა: "დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან ჩვენი თეატრი... მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა პაჟარნი კამანდა. შეგროვდა მრავალი ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორცა ადიოდა ალი ვარსკლავებამდის..."
იოსებ გრიშაშვილი წერს: "1874 წლის 11 სექტემბერს "ერეანსკის მოედნის" მახლობლად დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ამ საღამოს თეატრში უნდა დაედგათ "ნორმა". არტისტებს უკვე გრიმი ჰქონდათ გაკეთებული, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი, პირველი ალი ამოვარდნილა ყაზაროვის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა და, მთავრობის განკარგულებით, არასდროს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ".
როგორც შემდგომ გამოძიებამ დაამტკიცა, ქარვასლის ვაჭრებს მაინცა და მაინც როდი ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა. თურმე გაკოტრების მიზნით, ვინმე ყაზაროვს (თუ ლაზარევს) თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია... ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი "დროება"-ც წერდა: "გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ცეცხლი თამამშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია, ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე" (დროება" 1874 წ., N 450). სასამართლომ ლაზარევს (თუ ყაზაროვს) "განჩინება" გამოუტანა და მიესაჯა ცხრა წელიწადი კატორღაში მუშაობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება.
ცეცხლისმქრობელი რაზმი, რომელიც ალმოდებული შენობის პირდაპირ იყო დაბანაკებული, მაშინვე გაჩნდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაფერისი ხელსაწყო-იარაღი: ორი კასრი და ორი მილი რა წამლად დაედებოდა დიდ შენობას! ამასთანავე ერთი მილი მაშინე გაუფუჭდათ, ხოლო სახანძრო კიბე სრულიად არ აღმოაჩნდათ. "ერევანსკის" მოედნის შუაგულში მოთავსებულ აუზში ცვარი წყალი არ იდგა და მეხანძრენი იძულებული გახდნენ პოლიციის საშუალებით მოერეკათ თბილისის თულუხჩები და მტკვრიდან წყალი ამოეტანათ. მართლაც თულუხჩებმა ძალიან გამოიდვეს თავი, მთელი 16 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ეზიდებოდნენ მტკვრის წყალს.
ერევანსკის მოედანთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რიგი სეირის საყურებლად მოსულიყო, რიგი ახლომდებარე სახლებს დარაჯობდა, რომ ცეცხლი არ გადასდებოდა; გრიმგაკეთებული არტისტები გარეთ გამოცვიდნენ და ზოგი რომაულ ტანისამოსში გამოწყობილი, ზოგიც ნახევრად ტიტველი, მიარბენინებდნენ თავიანთ გარდერობს.
თეატრი მთლად განადგურდა. ავეჯი, დეკორაციები, ბუტაფორია და ბიბლიოთეკა ცეცხლის ალმა შთანთქა და მოაოხრა. იქ სადაც სულ ცოტა ხნის წინათ სიხარული მეფობდა, ახლა მხოლოდ კედლების ჩონჩხებიღა გამოიყურებოდნენ საზარლად.
დამწვარი თეატრის აღსადგენად ორი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ პრესის ფურცლებზე. ქალაქის გამგეობამ საგანგებო კომისიაც გამოყო ქარვასლის მეპატრონეებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ თამამშევმა კატეგორიული უარი განაცხადა: ქარვასლაში თეატრს აღარ ავაგებთო!"
1879 წელს ქარვასლის შენობა თეატრალური სათავსოს გარეშე აღადგინეს, რადგანაც ეს უფრო ხელსაყრელი იყო მეპატრონისათვის და ასევე იდგა 1934 წლამდე. შიგ უამრავი მაღაზია იყო. ერთ-ერთი ეკუთვნოდა განთქმულ მეყვავილეს მიხეილ მამულაშვილს და სახელად ერქვა "სოლეიდორი" ("ოქროს მზე"). 1934 წელს მოედნის გაფართოების მიზნით ქარვასლა მთლიანად დაანგრიეს.