logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო ვიზიტებმა დაადასტურა, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ვახორციელებთ
- +

7 მაისი. 2018. 20:33

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას, ბოლო პერიოდში გამართული საერთაშორისო ვიზიტები შეაფასა. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ფილიპინებში შემდგარი შეხვედრები.

 

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, შედგა ნაყოფიერი შეხვედრები როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

 

„აღინიშნა, რომ ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არის ყველაზე წარმატებული. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ რეფორმების ნაწილი სწორედ საქართველოდან აიღონ და გაატარონ სტრუქტურული რეფორმები თავიანთ ეკონომიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ინიციატივამ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების შესახებ, მოიპოვა დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ და რომელიც იქნება მასშტაბური ჩვენი ეკონომიკისთვის, აუცილებლად გავაკეთებთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით,“  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

მან ასევე, აღნიშნა სან ფრანცისკოში (Silicon-Valley) გამართული შეხვედრები. „თქვენ იცით, იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდება ახალი სასტარტო კაპიტალის მიცემას ჩვენი ტექნოლოგიური  სტარტებისთვის. კიდევ ერთხელ, კარგად გამოიკვეთა, თუ რამხელა რესურსი და პოტენციალი არის საქართველოში, მიუხედავად ჩვენი მცირე ბაზრისა იმისთვის,  რომ 21-ე საუკუნეში განვავითაროთ ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს სექტორი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მამუკა ბახტაძემ, ასევე, ისაუბრა ფილიპინებში, მანილაში გამართული შეხვედრების თაობაზე. როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრი დაესწრო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს.

 

„გვქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტი მანილაში, ფილიპინებზე, სადაც მდებარეობს აზიის განვითარების ბანკის მთავარი ოფისი. მინდა შეგახსენოთ, რომ აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოში. მიმდინარე წელს, დაახლოებით, 250 მლნ დოლარამდე მოხდება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ინვესტირება ჩვენს ეკონომიკაში. კერძოდ, ინფრასტუქტურს სექტორში. ჩვენ ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა გავზარდოთ პორტფელი, დაახლოებით, დამატებით 100 მლნ დოლარით,“ - აღნიშნა მან.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ვიზიტებმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას უცხადებენ გატარებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

 

„ამავე დროს,  აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ პრიორიტეტად, ამავე დროს, პრიორიტეტს წარმოადგენს   ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის და აქაც ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა.  მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომლის წარმომადგენელმა ვაშინგტონში შეხვედრისას, ღიად დაუჭირა მხარი ჩვენს ინიციატივას. ასევე, მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომელიც კონკრეტული მექანიზმის შექმნას აპირებს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად. კონკრეტულად, საუბარია ე.წ. საბანკო გარანტიების მექანიზმის შექმნაზე და ამავე დროს, ბიზნეს რისკების დაზღვევის სქემაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკრედიტო ხარჯს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, დღეიდან დაიწყო ვიზიტი იორდანიაში, სადაც იმართება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი.

 

„ვიზიტის გარგლებში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის, იმ საკითხზე, რომ უფრო მეტი დაფინანსება  გამოეყოს ბანკის მხრიდან ჩვენს კერძო სექტორს, კონკრეტულად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner