logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ვისურვებდი, აიკრძალოს ბილწსიტყვაობა...
- +

8 მაისი. 2018. 00:46

 

 

kvirispalitra.ge გთავაზობთ კვირის ყველაზე აქტუალური ქალბატონის - გუგული მაღრაძის ბლიც-ინტერვიუს პოლიტიკურ თემებზე.

სახელი: გუგული

გვარიმაღრაძე


დაბადების თარიღი და ადგილი: 09.04.1945. წყალტუბო.


პროფესია: ფილოსოფოსი-ფსიქოლოგი; დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი; სამართალმცოდნე.


საქმიანობა: საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

სოციალური ჯგუფის განწყობა ჩემ მიმართ არის...


ძირითადად, დადებითი. მისწავლია, მიშრომია, რასაც მივაღწიე, ყველაფერი ჩემით მაქვს და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ჩემ მიმართ უარყოფითი განწყობა, წესით, არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც წარმატებული ადამიანები არ მოსწონს; აღიზიანებს, რასაც ვამბობ, თუმცა, მე სულ ვცდილობ, ტყუილი არასდროს ვთქვა; შესაძლოა, შედარებით ნაკლებად ვეფერები ადამიანებს, იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩემი 

ნათქვამი სიმართლეა. შეიძლება ვიღაცას ეს აბრაზებს.

მაღიზიანებს, მაბრაზებს...


- პირველ რიგში, უპასუხისმგებლობა; როდესაც ადამიანი არაპროფესიონალია და იმ საქმეს ეჭიდება, რასაც პროფესიონალები სჭირდება.



რასიზმი, ქსენოფობია არის...


- ადამიანები ანგელოზები არ არიან და ასეთი რამ ყველა ერს ახასიათებს. მაგალითად, ევროპაში ბევრი ლტოლვილი შედის, რაც ქსენოფობიურ მიდრეკილებებს უფრო აძლიერებს. ზოგ ქვეყანაში ნაკლებია, ზოგან - მეტი, რეაგირება უნდა იყოს სწორი.

პატრიოტიზმი...


-
 შენი საქმით უნდა გამოხატო, ის აკეთო, რაც შენს ქვეყანასა და ხალხს წაადგება. სხვა ყველაფერი ცარიელი ლაპარაკია, მით უმეტეს, პატრიოტიზმის აგრესიით გამოხატვა ჩემთვის მიუღებელია!


ვისურვებდი, ქვეყანაში აიკრძალოს...


-
 ბილწსიტყვაობა. აგრესიული ქცევების გამოვლინება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, რომ სხვას გული არ ატკინონ და ა.შ.


კანონი თამბაქოს მოხმარების თაობაზე...


-
 მიხარია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესი გახდება. მწეველები უკვე აღნიშნავენ, რომ უფრო ცოტას ეწევიან და მე ეს ძალიან მახარებს.


კრიტიკა...


რა კრიტიკა უნდა მოჰყვეს ამ საკითხს? არ მესმის. ახლა არ მინახავს, მაგრამ ადრე, როდესაც ეს კანონი მივიღე, რაღაც კომენტარები წავიკითხე - თქვენ რა გენაღვლებათ, ჩვენ რა ვქნათო და მსგავსი. მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვანიჭებ ასეთ კომენტარებს და რასაც ვაკეთებ, მჯერა, რომ სიკეთისთვის გაკეთებული საქმეა. ამას ზოგი დავალებით წერს და ზოგი თვითონაა რამეზე გაბრაზებული, ზოგი ზრდილობის მიჯნას გადადის, მაგრამ რა ვქნა, მასეთ ხალხს მე ხომ არ გავზრდი ხელახლა? ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა.


ჭარბწონიანობა...


ეს მთელ მსოფლიოში პრობლემაა და მათ შორის, ჩვენთან. ამისთვის კანონი არ არის საჭირო, მაგრამ პრობლემას რაც უფრო დროზე მივხედავთ, მით უკეთესი. დასაწყისიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვებს, კვების რეჟიმით იქნება ეს თუ აღზრდის სტილით, ფიზიკური აქტივობა და სხვა, დროზე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოების გაჯანსაღებისთვის ეს ადრეული ასაკიდანვეა აუცილებელი. ჯერ უნდა გაკეთდეს კვლევები, როგორია ასაკობრივი ჭრილი, რა ხდება, რა ტიპის დარღვევებია, რა ფაქტორებია და ამის შემდეგ შეიძლება პრობლემის მოგვარება. ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაზე მუშაობა ახლაც მიდის. 


მარიხუანას ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს...


- ვფიქრობ, რომ მარიხუანას თუ სხვა სახის ნარკოტიკების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა უაზრობაა, მაგრამ ის, რომ ეს მიუღებელი ქცევაა, რომ ის ადამიანს მავნე ჩვევებზე დამოკიდებულს ხდის, ამაზე სულ უნდა გაკეთდეს აქცენტი. შეურიგებელი დამოკიდებულება უნდა იყოს, რათა ახალგაზრდებს არანაირი სურვილი არ გაუჩნდეთ, გაეკარონ. რომ არასასურველი ქცევა, დანაშაულია, რისთვისაც ჩვენ საპატიმრო სასჯელს არ გამოვიყენებთ.

კლუბური ნარკოტიკები...


-
 სახელმწიფოს მხრიდან გავრცელებაზე უნდა იყოს მაღალი კონტროლი. რაც მთავარია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ნარკოტიკის მოხმარება სამარცხვინო, მიუღებელი იყოს, რომ სუსტი და უნებისყოფო ადამიანების მავნე ჩვევაა. ეს ხომ თანდაყოლილი ჩვევა არაა, მერე იძენენ და ამიტომ, მისგან თავის დაღწევაც შეიძლება. ნებისყოფა უნდა ჰქონდეს.


უახლოეს პერიოდში დავაყენებდი: მაგალითად, საგზაო მოძრაობის, ტრასაზე ტრაილერების მოძრაობის რეგულაციის საკითხს. ასევე, სისუფთავის დაცვა, წესრიგია აუცილებელი, პრობლემა ბევრია, უცებ ეს მახსენდება. უნდა დავარეგულიროთ ყველაფერი, რაც ადამიანების ცხოვრებას ხელს უშლის.



ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" შეცვლის...


- ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი და გონიერი ადამიანია, კარგად აანალიზებს სიტუაციას, სწორ პროგნოზებს აკეთებს და ვფიქრობ, პარტია უკეთ გააცნობიერებს, რა და როგორ გააკეთოს, ეს კი პარტიასაც წაადგება და ქვეყანასაც.



რა სარგებლობა მოაქვს ოცნებას...


ოცნება არის აუცილებელი ფსიქოლოგიური ფენომენი, ოცნებაში ადამიანი წარმოიდგენს თავის სამომავლო გეგმებს, რა შეუძლია გააკეთოს და როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი, რომელიც ახდენს უკუგანმაწყობელ გავლენას და აქტივობის მოტივაციას. მაგრამ ოცნების ორი სახე არსებობს - ადამიანი რომ წამოწვება და რაიმე არარეალისტურზე ოცნებობს და მეორე, დასახოს ის, რაც მომავალში წარმოუდგენია, ეს ადამიანში აქტივობის მოთხოვნილებას აღძრავს სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე და ეს ვარიანტი ძალიან სასარგებლოა, უამისოდ არსებობა წარმოუდგენელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner