logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: პრემიერის აპარატში, ტერორიზმთან საბრძოლველად სპეციალური თანაშემწე უნდა დაინიშნოს
- +

23 თებერვალი. 2016. 12:51


ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „ისლამური ხალიფატის" ჩრდილოეთ კავკასიაში გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, გაზაფხულზე უფრო მწვავე ვითარებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ აპრილისა და მაისის თვეებში ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიაში მორიგი ცხელი წერტილები წარმოიშვება.


„ჩრდილოკავკასიაში „დაიშის" დაჯგუფებები გააქტიურდნენ. მათ განახორციელეს ორი სამხედრო ოპერაცია, დაღესტანში და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მიდის გააქტიურება ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. როგორც ჩანს, გაზაფხულზე „ისლამური ხალიფატი" ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ გააქტიურდება. შესაძლებელია ტერორისტული აქტების გახშირება და აქ არსებული შეიარაღებული ფორმირებების საბრძოლო მოქმედების კუთხით გააქტიურება. ჩრდილოეთ კავკასია და ცენტრალური აზია გახდება მორიგი ცხელი წერტილები", - განაცხადა მაისაიამ.


მაისაიას თქმით, შესაძლოა საქართველო „ისლამური ხალიფატისთის" ერთგვარი ხიდის ფუნქციის შემსრულებელი ქვეყანა გახდეს. ამიტომ, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა სავარაუდო სცენარისთვის უნდა იყოს მზად და კონკრეტული თავდაცვითი ღონისძიებები გაატაროს.


„საქართველო, როგორც ჩანს, განხილული იქნება როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ერთგვარი ხიდი. ამ კუთხით უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა ტერორისტული აქტების განხორციელებას საქართველოშიც უნდა მოველოდეთ, რადგან „დაიში" არის არაპროგნოზირებადი, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი და ქმედება არაპროგნოზირებადია. საქართველო შედის ამერიკული კოალიციის შემადგენლობაში და შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენი სპეცსამსახურები ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის უნდა იყვნენ მზად. საჭიროა, რომ ჩვენთან არსებული ტერორიზმის ბრძოლის სტრატეგია გადახალისდეს. უწყებათაშორისი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, უნდა დაინიშნოს სპეციალური თანაშემწე პრემიერის აპარატში, რომელიც უშუალოდ ტერორიზმის წინააღმდეგ განახორციელებს საქმიანობას. ასევე საკანონმდებლო პაკეტები უნდა მიიღონ", - განაცხადა მაისაიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner