logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ვითარება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ეს ჩანს
- +

8 მაისი. 2018. 18:36

 

„ცოდნა გახდა მოთხოვნადი და ახალგაზრდები განსაკუთრებულად კარგად ხედავენ ამის აუცილებლობასა და უპირატესობას“, - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

„ოპოზიცია, ისევე როგორც მედია, - და ჩვენ ვხედავთ, როგორ იმატებს როგორც გაზეთების, ისე ტელევიზიების რიცხვი, – ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის; რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას; რომ კორუფცია იმატებს, კრიმინალური მდგომარეობა მძიმდება... ისეთ სურათს დახატავენ ხოლმე, გარეთ გასვლა არ მოგინდება. მაგრამ გონიერი ადამიანი ხომ ხედავს რეალობას? და როგორია ეს რეალობა? ნახეთ, რამდენი სახლი შენდება და ყველა იყიდება. ნახეთ, რამდენი ახალგაზრდაა ჩართული სტარტაპებში და საკუთარი ბიზნესის აწყობას ცდილობს. ისინი ხედავენ პერსპექტივას და ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

 

იცით, ვფიქრობ, ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიდის. ახლა ცოდნას დიდი ყურადღება ექცევა, ყველა ეძებს კარგ ძიძას, კარგ მასწავლებელს, კარგ ექიმს. ცოდნა გახდა მოთხოვნადი და ახალგაზრდები განსაკუთრებულად კარგად ხედავენ ამის აუცილებლობასა და უპირატესობას. და ასაკშიც არ არის საქმე, მთავარი ის კი არ არის, ორი უმაღლესი გქონდეს დამთავრებული, მთავარია იმ საქმის ცოდნა, რასაც აკეთებ, თორემ შეიძლება უმაღლესი განათლება არ გქონდეს, მაგრამ მოთხოვნადი იყო.

 

გარემოსთან, თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესი ნელა მიდის. ბევრი მიხვდა, რომ ახლა სხვა უნარებია საჭირო და ამ უნარების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას.

 

ასე რომ, ვითარება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ეს ჩანს, მაგალითად, იგივე მედიასაშუალებებში.

 

ძალიან დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა. ჩვენ არ ვართ ჩართული ომებში, არ არის იმის საშიშროება, რომ, მაგალითად, ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ მომხრეები ერთმანეთს დაეტაკონ. ისინიც უკეთეს მომავალზე არიან ორიენტირებულნი. ერთი ამერიკელი გენერალი წერდა, რომ პატრიოტიზმი – ეს არის იშრომო და აკეთო ის საქმე, რაც კარგად გამოგდისო. ნამდვილად ასეა, ქვეყნისთვის შრომაა პატრიოტიზმი და არა გულზე მჯიღის ცემა“, - განაცხადა ბიგვავამ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner