logo_geo
eng_logo
„როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს სწორედ მაშინ უმტყუნა ნერვებმა...“
- +

9 მაისი. 2018. 19:31

 

 

„ჯერჯერობით ისე ჩანს, თითქოს საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს სერიოზულად ეჯიბრებიან, მაგრამ პოლიტიკის კეთებაში კი არა, არამედ იმაში, ვის უფრო დიდი სისასტიკით ებრძვის ხელისუფლება – მარგველაშვილს თუ სააკაშვილს. მსხვერპლის როლი ჰქონდა მარგველაშვილს მორგებული პარლამენტშიც“, - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით წერს, რომელიც 2 მაისს ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტს წარუდგინა.

 

„ხუთწლიანი ანგარიში სულ 21 წუთში ჩაატია, აღმასრულებელი ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით შეაქო, საკანონმდებლო ორგანო ირაკლი კობახიძის მეთაურობით ლამის დაგმო, შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად ჯერ პარლამენტი დატოვა, შემდეგ ქუთაისიც.

 

თავიდან ისე ჩანდა, თითქოს პრეზიდენტმა ერთგვარი ტაქტიკა აირჩია: ყოფილიყო ზომიერი, შეექო მთავრობა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა: მე მშვიდობით მივედი, არც კი გამიკრიტიკებია და ნახეთ, თავზე როგორ დამაცხრნენო. მანამდე ხომ იყო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მარგველაშვილისთვის მწვავე შეკითხვები უნდა დაესვათ. თუმცა, აქცენტი მხოლოდ უმრავლესობაზე გაკეთდა.

 

მოხდა ის, რასაც, როგორც ჩანს, მარგველაშვილი არ ელოდა. ის გააკრიტიკა არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ევროპელებმაც და ნაციონალებმაც. ამას კი მარგველაშვილი, როგორც ჩანს, არ ელოდა. ეს მისთვის უკვე მეტისმეტი იყო, მან დაინახა, რომ პარლამენტში მოკავშირე აღარ ჰყავდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ უმტყუნა ნერვებმა.

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვითარებიდან თავისთვის სასარგებლოდ გამოძვრა – ისევ მსხვერპლის როლში ჩადგა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

 

გაქცეული პრეზიდენტის დანახვამ ბევრს სააკაშვილი გაახსენა. ერთხელ ის ჯონდი ბაღათურიას კრიტიკას გაექცა, თუმცა, ორ წუთში მობრუნდა დარბაზში და დებატებში მონაწილეობა გააგრძელა.

 

სოზარ სუბარმა სამართლიანად შენიშნა, როცა თქვა:

 

„როდესაც ვამბობთ, რომ გაქცეული პრეზიდენტი არ გვინახავს, ეს ასე არაა. შეიძლება გავიხსენოთ ზუსტად პრეზიდენტის მოხსენებიდან გაქცეული სააკაშვილი. თუმცა, მას მერე ეყო გონიერება და დაბრუნდა დარბაზში, როდესაც ჯონდი ბაღათურია ლაპარაკობდა მამამისის ბიზნესებზე, გოგირდის აბანოებზე. მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ჯერ მუქარები „ტალახებში გორაობით“, გაიქცა პარლამენტიდან, მაგრამ მალევე დაბრუნდა. იმანაც კი მეტი მოთმინება და პარლამენტისადმი პატივისცემა გამოიჩინა.

 

მისი დამოკიდებულება, როგორც მარგველაშვილი მოიქცა კონსტიტუციის განხილვაზე, ბავშვური დემარშები და ა. შ. დამაზიანებელი იყო ქვეყნის იმიჯისთვის. გუშინწინ როდესაც საუბრობდა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია უკან გადადგმული ნაბიჯია, ეს საერთოდ ნონსენსია. ვერ დაასახელებს ერთ პუნქტსაც კი, სადაც არ არის რაიმე წინსვლა, უკან გადადგმულ ნაბიჯზე კი ლაპარაკი ზედმეტია“.

 

სააკაშვილი იმდენად ჭკვიანი და მოხერხებულია, რომ თავს ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლად ასაღებს. მაგალითად, დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შიშებს უკავშირდება. თუმცა, უკვე მეოთხე წელია, ის დაბრუნებით იმუქრება.

 

აი, მარგველაშვილს კი საკუთარი თავი ირაკლი კობახიძის მსხვერპლად გამოჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარე მას ჩაგრავს და ასუსტებს.

 

ეს მარგველაშვილის კობახიძესთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის, მათ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ კონსტიტუციაზე მუშაობის დროს დაიძაბა.

 

სხვათა შორის, პრეზიდენტი მაშინაც გაიქცა საკონსტიტუციო კომისიიდან, რეფორმებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მაშინ პირველად შესთავაზა ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს დებატები:

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“, – თქვა მაშინ კობახიძემ.

 

პრეზიდენტმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშაშვილის განმარტებით, ფორმატი ერთიერთზე დებატებს კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ მასში ჩართული უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი, ექსპერტი, „ენჯიოშნიკი“ და ასე შემდეგ. მაშინ პირისპირ დებატებზე უარის თქმა და ასეთი ფართო ფორმატის არჩევა მარგველაშვილს სისუსტედ ჩაუთვალეს: პრეზიდენტს თავად არ შეუძლია საკუთარი არგუმენტების დაცვაო.

 

გაქცეულ მარგველაშვილს უმრავლესობამ მეორედ შესთავაზა დებატები მისთვის კომფორტულ ნებისმიერ ფორმატში, თუმცა, პასუხად ისევ უარი მიიღო.

 

სხვათა შორის, პრეზიდენტს ახლაც გაუჭირდა პარლამენტში საკუთარი პოზიციებისა და არგუმენტების დაცვა. როცა დაინახა, რომ მას არა მხოლოდ უმრავლესობა დაუპირისპირდა, არამედ ოპოზიციაც, სხდომა დატოვა.

 

და ახლა ბევრს დაობენ იმასთან დაკავშირებით, უნდა შეეცვალა პარლამენტს რეგლამენტი თუ არა. ოპოზიციამ უპირატესობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას მიანიჭა და თქვა, რომ რეგლამენტის კორექციის გაკეთება შესაძლებელია, უმრავლესობამ კი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, დაიცვა რეგლამენტი და პარლამენტის იმიჯი, ასეთი იყო უმრავლესობის პოზიცია – ულტიმატუმებით საუბარი არავის არ ეპატიება, თუ რამე არ აწყობდა მარგველაშვილს, ამის შესახებ შეეძლო კონსულტაციების დროს ეთქვა.

 

კონსულტაციები კი დიდი დაგვიანებით გაიმართა. მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით ჯერ კიდეც თებერვალში უნდა გამოსულიყო, თუმცა, მხოლოდ მაისის დასაწყისში მოვიდა, რეგლამენტი და კონსტიტუცია არ დაურღვევია, კონსულტაციები ჩატარდა და ფორმატიც შეთანხმდა. ასე რომ, მარგველაშვილის ასეთ აფეთქებას არავინ ელოდა“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner