პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „TV პირველის" ეთერში „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" თბილისის მერის დავით ნარმანიას გარშემო ატეხილ ხმაურს აფასებს. მისი თქმით, დავით ნარმანიას არ აქვს გუნდის მხარდაჭერა და ძალიან რთულია, იყო კარგი მერი, როცა შენს ზურგს უკან მდგარი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ შეცდომა, დანაშაული, პოლიტიკური გადაცდომა და ა.შ.
„დავით ნარმანიას რთული პოზიციები აქვს, რადგან მუდმივად ჩასაფრებულ ადამიანებთან უწევს მუშაობა. მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ის არჩეულია ქალაქის მერად, საკრებულოსგან არასდროს დამინახავს სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მერთან ერთად გავიდნენ თბილისის საკრებულოში. თუ არ მოგწონს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ზემდგომ ძალებთან შეათახმო ეს საკითხი, უნდა მიიღო გადაწყვეტილება - ან უჭერ მხარს, ან განიხილო და გაათავისუფლო. ქალაქს უნდა აცნობო შენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ.
შიდაკოალიციური დაპირისპირება წამოწეულია წინა პლანზე. ისინი დაუპირისპირდნენ ნარმანიას და სამარცხვინო საკითხები წამოსწიეს წინ. ეს არის ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიის ამბავი, უნდათ, რომ სხვა თემები ნაწილობრივ მაინც გადაიფაროს.
ძალიან რთულია, იყო კარგი მერი, როცა შენს ზურგს უკან მდგარი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ შეცდომა, დანაშაული, პოლიტიკური გადაცდომა და ა.შ." - განაცხადა ხოფერიამ.