logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს!
- +

3 მაისი. 2016. 00:26


„ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს."- საქართველოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში სინანულის შესახებ ისაუბრა და მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა:



„თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

 

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

 

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: „დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში."

 

ქრისტე აღდგა!

 

აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც „წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!"



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner