კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მომღერლის ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას - „ჩემო ძმაო“ შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ბერა ესხმოდა ხომ და მისი ოჯახი ებრძობა პატრიარქსა და ეკლესიას ხო! აი ესააა კოჰაბიტაცია! უყურეთ და გაავრცელეთ ეს ვიდეო ეტყობა დაავიწყდათ რას სჩადიოდნენ ეს ნაძირლები! სამება ქართველ ხალხთან ერთად ხომ არ მეტყვით ვინ ააშენა? და ბევრი ეკლესია მონასტრები განადგურებას ვინ გადაარჩინა? უმადურობა და დაუნახაობა ყველაზე დიდი სენია რაც ვატყობ დაგვემართა! მადლობა ბერა შენს ოჯახს სიკეთისათვის! ძალა ერთობაშია“, - წერს ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა და sf-x - ზაზა ნოზაძემ დუეტი სახელწოდებით „ჩემო ძმაო“ ჩაწერეს. კლიპი youtube-ზე 8 მაისს აიტვირთა და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა სიმღერა შემდეგი პოსტით გააზიარა: „3 წლის დაგროვებული სათქმელი...“
სიმღერის ტექსტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ბერა ივანიშვილის დამოკიდებულებას გადმოსცემს. რეპერი კრიტიკულია თანამდებობის პირებისა და ეკლესიაში არსებულ ვითარების მიმართ. ბერა ივანიშვილი მსმენელს ასევე ე.წ. ჩადების თემას ახსენებს და ამბობს, რომ ნარკოტიკების ჩადების გაპროტესტება „ბირჟა მაფიას“ საქმის დროს აღმოჩნდა აქტუალური, თუმცა, როცა ქვეყანას მაფია მართავდა, მაშინ ხალხს ეშინოდა და ამ სახის ძალადობას არავინ აპროტესტებდა.