CIA გააკრიტიკეს ინტერნეტში ბინ ლადენის ლიკვიდაციის დადგმული სცენის გავრცელების გამო.
რადიო "თავისუფლების" ცნობით, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის მეხუთე წლისთავზე, ამ ოპერაციის სცენის დადგმული ვერსია "ტვიტერით" გამოქვეყნდა, თითქოს, ეს რეალურ დროში მომხდარიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ქაიდას ლიდერი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა პაკისტანში, 2011 წლის 2 მაისს, მოკლა.
მომხდარიდან ზუსტად ხუთ წელიწადში, დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ტვიტერით გამოაქვეყნა ჩანაწერი, ტექსტისა და ფოტოების თანხლებით.
გამოქვეყნებული მასალა შეიცავს ბინ ლადენის თავშესაფრის, ასევე იმ ცნობილ კადრს, რომელიც გადაღებულია თეთრ სახლში, როცა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ ცნობა მიიღეს ვაშინგტონში.
რადიო თავისუფლების ცნობით, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აკრიტიკებენ გამოქვეყნებული მასალის "გროტესკულ და უხერხული" ხასიათის გამო.