პარლამენტის ვიცეს-პიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერს მიმართავს. როგორც ინაშვილი წერს, შალვა ნათელაშვილს ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გამოთქმული ცილისწამებისთვის, ბოდიშის მოხდა მოუწევს.
„შალვა ნათელაშვილს მოვუსმინე „იბერიაზე“. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსი degeneratus-ია (სამედიცინო ტერმინია). გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი, სადაც ლაკონურად იყო ახსნილი, თუ ვინაა ნათელაშვილი, მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ სრულ დეგრადაციამდე ლეიბორისტული პარტიის ლიდერს რაღაცა დისტანცია აკლდა. წლები გავიდა. ბატონი შალვა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით, სულ უფრო და უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ მისმა პიროვნულმა და პოლიტიკურმა დეგრადაციამ ყველა დისტანცია გადალახა და მშრომელთა პარტიის „ლეგენდარული“ სახე, რომელმაც პოლიტიკაში ტივტივი ბიზნესად იქცია, ბოლოს ერთ შურიან, ღვარძლიან, წარუმატებელ, მექრთამე, კორუმპირებულ, ოთახის ოპოზიციონერად ჩამოყალიბდა. გილოცავთ, ბატონო შალვა! აქ, თქვენს ოთახში მაინც მიაღწიეთ წარმატებას. ერთხელ, ნათელაშვილთან მიმართებაში სამედიცინო ტერმინი „დეგენერატი“ გამოვიყენე, ახლა ვამბობ: შალვა, დეგენერატი შენთვის დიდი კომპლიმენტია. ყველა იმ აბსურდულ ცილისწამებაზე, რასაც „იბერიის“ ეთერში ჩვენზე ანთხევდი, იგივე ეთერში მოგიწევს ბოდიშის მოხდა. ჩემზე მდიდარიც ხარ და ჩემზე მეტი ანგარიშებიც გაქვს. მათ შორის, უცხოეთში. ჰოდა, კარგი ადვოკატი აიყვანე, ჩემი რჩევაა“, - წერს ინაშვილი.