logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს
- +

11 მაისი. 2018. 13:16

 

 

„საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას  მნიშვნელოვნად გააიაფებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაძლებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

 

„აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში დაიწყონ აღნიშნული სქემის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, 14-16 მაისს, საქართველოში პირველად იმართება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტის მხრიდან  საქართველოს აქვს  სრული მხარდაჭერა დაანონსებული და განხორციელებული რეფორმების მიმართ.

 

დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში.“

 

კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ  კავკასიაში მერსი ტემბონი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის, სადაც საუბარი შედგება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე და იმ ბარიერებზე, რაც გავაქვს ჩვენ ეკონომიკაში, რათა კიდევ უფრო მეტად  განვავითაროთ მცირე და საშუალო მეწარმეობა,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner