logo_geo
eng_logo
საკრებულოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიში მოისმინეს
- +

23 თებერვალი. 2016. 12:58


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, 2015 წლის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.


შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა.


ანგარიში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამშრომლების საერთო დონაციებით სოლიდარობის ფონდში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი ლიდერია.


მარიამ ჯაშმა საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნაზე, ფონდის სამწლიან სტრატეგიულ გეგმაზე, დაფინანსების არსებულ და შესაძლო წყაროებზე, დონაციების საერთო მოცულობაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე და ფონდში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.


მანვე საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„სოლიდარობის ფონდში თანამშრომლების საერთო დონაციებით თბილისის საკრებულო ერთ-ერთი ლიდერია. 2014 წლის ივლისიდან დღემდე, ფონდში საერთო ჯამში 5,7 მლნ ლარის მობილიზება მოხდა.

 

პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, ფონდმა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ 215 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.

 

პირველ ეტაპზე სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა, ფონდის მანდატი ბევრად ვრცელია და საზოგადოების ჩართულობით პროგრამების გაფართოებას შევძლებთ", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებში მარიამ ჯაშმა საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების კითხვებს უპასუხა.

„ფონდის საქმიანობის შესახებ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ფონდის დაფინანსებით მკურნალობის შედეგად მრავალი ბავშვის გადარჩა.

 

ბუნებრივია, ასეთი აქტივობა მისასალმებელია. მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი სოლიდური წარმომადგებელი საჯარო სექტორიდან, რომელსაც სოლიდარობის ფონდში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის საკრებულოა. მინდა საკრებულოს თანამშრომლებს და სოლიდარობის ფონდს მადლობა გადავუხადო, რადგან ეს არის მართლაც სოლიდური და ძალიან გულწრფელი დახმარება ჩვენი თანამოქალაქეებისა", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა პრეზენტაციის შემდეგ.


სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ წარმოდგენილი პრეზენტაციისთვის სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა.


„ფონდმა დახმარების გაწევა როგორც სადიაგნოსტიკო, ისე მკურნალობის თვალსაზრისით 215-ზე მეტი ბავშვისთვის შეძლო. სტატისტიკა, რასაკვირველია, მზარდია და ერთად შევძლებთ დახმარებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას. სოლიდარობის ფონდმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიკეთე მართლაც გადამდებია. საკრებულო ყოველმხრივ ცდილობს ფონდის მხარდაჭერას და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ელენე დუმბაძემ.


საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.


დაფუძნებიდან დღემდე ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 - ზე მეტი თანამშრომელი, 23 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner