logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: SOS! SOS! SOS!
- +

12 მაისი. 2018. 18:06

 

SOS!!!! SOS!!!! SOS!!!!

 

ინტერნეტით თვალს ვადევნებ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგს.

 

პირველი დასკვნა, რაც წამოტივტივდა: ეტყობა მართველ ძალას ვერ შეუგნია ის აქსიომა, რომ ახალგაზრდობასთან და ახალგაზრდობისთვის საგანგებო მუშაობაა საჭირო...

 

ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სპონტანურია? იგი მზადდებოდა არაერთი წლის მანძილზე, იმ პერიოდში, როცა „პრობლემა“ მიშვებული იყო თვითდინებაზე...

 

შეგახსენებთ: ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო რომ არსებობდა, ვინმეს ახსოვს? რა ახალგაზრდობის, რის ახალგაზრდობის სამინისტრო? ყველა აღიქვამდა ამ სტრუქტურას „სპორტის სამინისტროდ“. ბოლო მინისტრი ვინ იყო, ისიც თუ გახსოვთ? რამე ავტორიტეტი ჰქონდა პოლიტიკური ანდა სხვა, გარდა ფულის მკეთებელი კაცისა, გიგის, ვანოს და სხვათა მეგობრისა... ჰოდა, ერთ ადგილზე ჩამოსაკიდია ის ტიპი (განურჩევლად სტატუსისა), ვინც ის ერთი საქმოსანი, მანქანების სპეკულიანტი ახალგაზრდობის(!!!!!) საქმეთა მინისტრად(!!!!) დანიშნა; იმ თანამდებობაზე, რომელსაც არც განათლებით, არც კულტურით, არც გამოცდილებით აბსოლუტურად არ შეეფერებოდა...

 

ჯეჯელავა სად არის, „კომბლეს“ თემა რომ იყო მისთვის ერთ-ერთი წამყვანი? მისი წინამორბედი სანიკიძე, რომელიც მშვენივრად „ცეკვავდა“ ტელეგადაცემებში? განათლების სამინისტრო მარტო პროფესიულ განათლებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ... მომავალი თაობის აღზრდა, მისი თავისუფალი დროის და დასვენების ორგანიზაცია მისი საქმე არ იყო და არ არის? ჰოდა, ამ სიცარიელეს ავსებს სწორედ ის „ბასიანი“, „გალერი“, სხვა კლუბები და ცენტრები... მათ ხელისშეწყობა სჭირდებათ!!!!

 

არასწორმა, არაპროფესიულმა „პიარმა“, არცთუ სწორად შერჩეულმა დრომ, სახელი გაუტეხა შსს-ს აქტიურობას, სასურველ შედეგს და მთელი უარყოფითი აქცენტი შინაარსისა და კეთილშობილური მიზნის საწინააღმდეგოდ, ფორმაზე კეთდება. არა, ისე აშენდა კრიტიკოსთა ოჯახი, რაც სპეცნაზი ყვავილებით შევიდოდა სავარაუდო ნარკობარიგების გამოსავლენად!!!

 

აი, მაგ მიტინგზე ახლა უნდა გამოდიოდეს განათლების მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქალაქის მერი, უმაღლესების რექტორები... რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ლიდერები, თუნდაც მდინარაძეები, თალაკვაძეები, კილაძეები, ვოლსკები, ენძელები, გუგულები და საპარლამენტო ფაუნის სხვა წარმომადგენლები... მიტინგზე არავინ იძლევა განმარტებას, არავინ უხსნის ახალგაზრდებს ოპერაციის მიზანს, არავინ იცავს შსს-ს, ხელისუფლებას... სამაგიეროდ, გამოდის ის ხალხი და ჭკუას ასწავლის შსს-ს, ვინც სვანეთში ჩაატარა „წარმატებული“ ოპერაცია აფრასიძეების წინააღმდეგ... მიდის ლანძღვა-გინების ნიაღვარი. ვიღაც უგვანი დედაკაცი აფურთხებს სამართალდამცველებს და უწმაწურად აგინებს მათ, და ამას პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებს მთელი მსოფლიო...

 

გასაოცარია! და აღმაშფოთებელი!

 

„ოცნებამ“, როგორც „ქუჩის პარტიამ“ გაიმარჯვა 2012 წელს, ახლა სწორედ ქუჩა ამარცხებს „ოცნებას“... სამწუხაროდ, ასე მოუვიდა ყველა მმართველ ძალას: კომუნისტებიდან დაწყებული დღევანდელობით დამთავრებული. ამას საკუთარი მწარე გამოცდილებით, ამასთან, დიდი გულშემატკივრობით გეუბნებით, „ცხვირაწეულო“ ოცნებისტებო...

 

გამოდით კაბინეტებიდან, ზოგჯერ უაზრო და მლიქვნელურ ტაშისცემამდე უფრო ადრე თქვენს თანატოლებთან და უმცროს და-ძმებთან კონტაქტის დამყარება, მათთან დიალოგი უნდა ისწავლოთ... არ ისწავლით და...

 

გეყურებათ?

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner