logo_geo
eng_logo
სერგეი ესენინი: „ბედნიერებას ვეძებდი მასში... მაგრამ შემთხვევით სიკვდილი ვნახე“...
- +

3 მაისი. 2016. 02:30


ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს აივანზე გასვლამდე,  კისერზე რომანტიკულად  შემოვიხვიე გრძელი და ჰაეროვანი შარფი, გავიძრე ფეხსამელი და მერცხალივით თავგანწირულად შევეჯახე  სულ პირველ სხივს...


ხეები ჩვეულებრივზე მოხდენილად იდგნენ, ყვავილობისთვის შემზადებული ბროწეული კი, იდაყვით ოდნავ ეყრდნობოდა მოაჯირს...


ღრმად შევისუნთქე ჰაერი და წარმოვთქვი:


„დალეული ხარ შენ უკვე სხვისგან...


მაგრამ მე დამრჩა... მე მაინც დამრჩა


შუშებისფერი სურნელი  თმისგან


და ქარვისფერი  თვალების ფარჩა..."


ეს სიტყვები   გამოუსწორებელმა რიაზანელმა ხულიგანმა, სერგეი ესენინმა მიუძღვნა ცნობილ ამერიკელ მოცეკვავე ქალბატონს, ბრწყინვალე აისედორა დუნკანს.   ზუსტად ამ დღეს კი,  1922 წლის 2 მაისს, მათ ხელი მოაწერეს მოსკოვის ხამოვნიკის სარაიონო მმაჩის ბიუროში.

 

 

 


ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, აისედეორამ თხოვა თავის მდივანს - „მართალია, მე და ესენინი საერთოდ ვერ ვგრძნობთ ასაკში 15 წლის განსხვავებას (სინამდვილეში განსხვავება 18 წელი იყო), ეცადეთ პასპორტში შეასწოროთ  ჩემი დაბადების თარიღი, სერგეი უცხო ხალხთან უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავაგდოთო". მდივანმა შეასრულა აისედორას თხოვნა და ასაკში განსხვავება ფორმალურად  9 წლამდე დაიყვანა.


მათი  შეხვედრა ნამდვილად საბედისწერო იყო და, სავარაუდოდ,ზემოდან ნაბოძები....აისედორას ესენინამდე რამდენიმე ხმაურიანი რომანი ჰქონდა, გადაიტანა საშინელი ტრაგედია - ავტომობილი, რომელშიც მისი 2 შვილი იჯდა, მდინარე სენაში გადავარდა და ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. შემდეგ აისედორა კიდევ ერთხელ გახდა დედა და მესამე შვილიც რამდენიმე საათში დაეღუპა. ასე რომ, საერთოდ ხელი ჰქონდა ჩაქნეული ცხოვრებაზე, თავდავიწყებით ატარებდა დროს და აკვირვებდა სალონის  სტუმრებს იმით, რომ ცეკვავდა ძველბერძნულ ცეკვებს ფეხშიშველა და იმ დროისთვის მიუღებლად მოკლე ტანისამოსში გამოწყობილი, საიდანაც  მუხლის თავებიც კიუჩანდა... მისი ცეკვის ძირითად ატრიბუტს კი გრძელი შარფი წარმოადგენდა...


რაც შეეხება ესენინს, ის მამა უკვე 19 წლის ასაკშიგახდა... მისი შვილის დედას, კორექტორ ანა იზრიადნოვასთან დაშორების შემდეგ ცოლად მოიყვანა  გერმანელი მსახიობი ქალი, ზინაიდა რეიხი, რომელთანაც  2 შვილი გაუჩნდა და მასაც რამდენიმე წელიწადში დასცილდა. რეიხი კი ცოლად გაყვა ცნობილო რუს რეჟისორ მეიერხოლდს. 


აისედორასთან შეხვედრამდე ესენინს რომანი ჰქონდა ჟურნალისტ გალინა ბენისლავსკაიასთან... ესენინი ორჯერ ეცადა მის მიტოვებას, მაგრამ ორივეჯერ გალინა ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოხვდა, ალბათ, მას მართლა არ შეეძლო ესენინის გარეშე სუნთქვა და არსებობა, რადგანაც პოეტის სიკვდილის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში, მან  ესენინის საფლავზე  თავი მოიკლა...


ესენინი და აისედორა ერთმანეთს შეხვდნენ შემთხვევით,  1921 წლის ოქტომბერში,მხატვარი ჟორჟ იაკულოვის სახლში. აისედორას ეცვა ხასხასა წითელი ფერის ტუნიკა... მათ შორის წამიერად თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაირბინა. სულ ცოტა ხნის შემდეგკი აისედორა ტახტზე იყო მიწოლილი, ესენინი კი მის წინ მუხლებზე იდგა. მან არ იცოდა ინგლისური, აისედორას კი რუსულ ენაზე სულ რამდენიმე სიტყვა ქონდა ნასწავლი... მან შეხედა ესენინს და წარმოსთქვა - „ანგელოზი"... მერე კი ჩახედა ღრმად თვალებში, გაიღიმა და დაამატა - „ეშმაკი"...


რამდენიმე დღეში ესენინი საცხოვრებლად მოსკოვის ცენტრში, პრეჩისტენკას ქუჩაზე მდებარე დუნკანის სახლში გადავიდა... ცოტა ხანში მათ იქორწინეს და მხოლოდ მაშინ გაახსენდა აისედორას, რომ გემზე, რომლითაც ის რუსეთში მიემგზავრებოდა, შეხვდა მკითხავი, რომელმაც უწინასწარმეტყველა უცხო ქვეყანაში გათხოვება...პასუხად აისედორამ გადაიხარხარა და გასამრჯელოც კი არ მისცა „მატყუარა" ბოშას.


ქორწილის შემდეგ ესენინი და აისედორა საზღვარგარეთის ტურნეში გაემგზავრნენ...

 

 


სამშობლოს მოწყვეტილი პოეტი საზღვარგარეთ თავს ზედმეტად გრძნობდა, მას ყველა უყურებდა, როგორც  აისედორას ახალგაზრდა „კაპრიზს"... მათ შორის უთანხმოებები დაიწყო...მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, აისედორა მალე ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ ამჯერად მარტო... ცოტა ხანში კი მას ესენინის დეპეშა მიუვიდა: „მე სხვა მიყვარს. ვარ ბედნიერი. ესენინი"...


ეს „სხვა" გახლდათ  გალინა ბენისლავსკაია,  რომელსაც ესენინი ცოტა ხნით დაუბრუნდა.


მალე ესენინმა  მესამე ცოლიცმოიყვანა - ლევ ტოლსტოის შვილიშვილი,  სოფია ტოლსტაია. რომელსაც ასევე მალე დასცილდა.


1925 წლის 28 დეკემბერს  ესენინი  სასტუმრო „ანგლეტერში"აღმოაჩინეს... მან თავი ჩამოიხრჩო და დატოვა თავისი ბოლო ლექსი: „ნახვამდის, მეგობარო, ნახვამდის".... 


ორი წლის შემდეგ კი, აისედორა დუნკანი ნიცაში ჩაჯდა ავტომობოლში, მხიარულად დაემშვიდობა მეგობრებს - „ნახვამდის, მეგობრებო, მივდივარ წარმატებისკენ!"  ეს  მისი ბოლო სიტყვები იყო. აისედორას შარფი დაეხვია ავტომობილის საბურავს და დაახრჩო პატრონი...


ორი ადამიანის ორი „ნახვამდის". ორი ულამაზესი და უნიჭიერესი პიროვნების ტრაგიკულად გადაკვეთილი 2 ცხოვრება...ტკივილამდე მსგავსი ორი წასვლა ამ ქვეყნიდან...


ვინ იცის, ეს დამთხვევა იყო, განგება თუ  იქნებ, სასჯელი იმისთვის, რომ არ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და გრძნობას... რომელიც ასე ზღაპრულად დაიწყო...


გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!



ლელა ანჯაფარიძე




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner