logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ღამის კლუბებში შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩარევა იყო პროპორციული
- +

12 მაისი. 2018. 23:04

 

„როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას პირველ რიგში, უნდა გამოხატოს პატივისცემა ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დღეს დგას რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით და გამოხატოს პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ.

 

„ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. რაც შეეხება უშუალოდ იმ მოვლენებს, რომელიც გუშინ და დღეს თბილისში განვითარდა, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე განცხადებით, მიზანი ის იყო, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, იმოქმედა შსს-მ და „ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკა, კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყანაში“.

 

„ეს არის მიღებული პრაქტიკა - როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა ბუნებრივია, არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი - ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ჰქონდათ შეკრება და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინეს ინფორმაცია.

 

„იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით იყო დაგეგმილი ნარკოტიკების რეალიზება და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, ეს იყო კონკრეტული საფუძველი დაწესებულებაში შიგნით შესვლის და აქედან გამომდინარე, იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს, თუმცა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შსს-გან მოისმინეს, კობახიძის განცხადებით, „შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner