ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„რამდენიმე კვირის წინ დაახლოებით ღამის 11 საათზე აღმაშენებლის პროსპექტზე ამხანაგის სახლიდან სამსახურისკენ ფეხით მოვდიოდი, მარჯანიშვილზე მომავალს ერთი სქელტანიანი ბიჭი შემომეგება, მორბოდა და გაუგონრად ვიღაც დათოს აგინებდა, უკან გოგონები მოსდევდნენ და შეზარხოშებულ „ვაჟკაცს“ ამშვიდებდნენ, ის კი მაინც შფოთავდა, დათვივით მოძუნძულებდა და ასევე დათვივით ღრიალებდა, არას დაგიდევდა არც ქუჩას, არც გვიან ღამეს, არც გაოგნებული უცხოელების სახეებს, მარჯანიშვილის მოედანზე ის მრავალგზის შეგინებული დათო შემოხვდა… შემოხვდა და ორომტრიალიც დაიწყო, რითი დამთავრდებოდა ეს ორთაბრძოლა ვერ გეტყვით რომ არა მოედანზე მდგარი პოლიციის მანქანა, 1 წუთში პირტიტველა ბიჭები ადგილზე გაჩნდნენ, ამ ორ ჩაჭიდებულ მხეცს აშველებდნენ, ხელებს უგრეხდნენ, რომ იმ ხელებით ერთმანეთი არ მოეხჩოთ, არ დაეხოცათ, ჰოდა ეს პოლიციის მიერ ხელმოგრეხილი ბიჭები ახლა სამართალდამცავებს მოსდგნენ და მათ დაუწყეს გინება, ღრიალს წივილ-კივილით ის ადევნებული გოგონები აჰყვნენ და პოლიციელებს მკვლელები, არამზადები, არაკაცები უძახეს… ვუყურებდი ამ სცენას და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება იმღერო „ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები“, მხოლოდ საქართველოში შეგიძლია ქოთანს ნებისმიერ მხარეს ყური მოაბა, მხოლოდ საქართველოში შეიძლება პოლიციელს წესრიგის დაცვისთვის აფურთხო, აგინო და დაამცირო. იმ ბიჭებს იმ ღამეს ერთმანეთი, რომ დაეხოცათ ყველა იტყოდა პოლიცია სად იყოო, არადა ერთმანეთის პოტენციურ მკვლელებს ხელი რომ მოუგრიხეს და მიწაზე დაყარეს პოლიციელი მაშინვე „მოძალადედ“ იქცა... რა გინდათ თქვე ოჯახაშენებულებო რამდენი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში, რამდენი მოიწამლა და დასახიჩრდა?! ნუთუ არ იყო გადამწყვეტი და ხისტი მოქმედების დრო?! დღეს „აღშფოთებულები“ გუშინ ხომ ითხოვდით ქმედებას? ხომ იძახდით ახალგაზრდები იხოცებიან სად არის ხელისუფლებაო?! კლუბურ ცხოვრებას არ ვებრძვი, მომწონს და მისით ვიხიბლები, მაგრამ არ მომწონს ნარკოდილერები, რომლებიც ამ კლუბებში ნარკოტიკებს ყიდიან, ჩვენ შვილებს ხოცავენ! ჰოდა გუშინ ეს ნარკოდილერები დაიჭირეს, არცერთი კლუბი არ დაუხურავთ, არცერთი ახალგაზრდა არ დაუჭერიათ, არავინ ჩაუწვენიათ სისხლში, არავისთვის ურტყიათ გამეტებით! საპასუხოდ ისმოდა გინებაც, უშვერი სიტყვებიც და ლანძღვაც… გახსოვდეთ თუ ცუდ ექიმს დაიჭერენ ან სამსახურიდან გააგდებენ ეს მედიცინასთან ბრძოლას არ ნიშნავს! ჩემს ვრცელ პოსტს ჩემი მეგობრობის ლიკა შავიშვილის სტატუსით დავამთავრებ:
და ბოლოს, მაგალითისათვის, ჩემი არასრულწლოვანი ან თუნდაც სრულწლოვანი შვილი კლუბში გასართობად მისული რომ ვინმემ მომიწამლოს, ან მით უფრო მომიკლას, კლუბს მე რასაც დავმართებ იმასთან შედარებით სპეცოპერაცია ზღაპრად მოგეჩვენებათ“, - წერს კალანდია.