logo_geo
eng_logo
თემურ მურღულია: უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი საზოგადოება ვერ წავა საკუთარი შვილების წინააღმდეგ...
- +

13 მაისი. 2018. 23:30

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ნარკომანიის და ნარკოტიკების პრობლემა საქართველოში არც დღეს დამდგარა და არც გუშინ. როცა პირველად გავიგონე „ძილში გაპარვის” შესახებ, იმდენად პატარა ვიყავი, რომ კარგა ხანს ვერ ვერც მივხვდი რაზე იყო საუბარი. მაშინ, საბჭოთა კავშირში, ნარკომანიას არანაკლები შემართებით ებრძოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს წარუმატებლად, რადგან ჩემი თანაქალაქელები მაინც ახერხებდნენ და „იპარებოდნენ”.

 

რა თქმა უნდა ყველა არ „გაპარულა”, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა ისეთი იყო რომ ნარკოტიკების მოხმარებას სხვა კონტრარგუმენტი თითქოს არც უნდა დასჭირვებოდა. მიუხედავად ამისა, ახალი მომხმარებლების დაინტერესებისა და ჩართვის მანქანა არასოდეს გაჩერებულა. უფრო მეტიც, სტერეოტიპების ერთი დიდი მტვრევა უკავშირდება იმ ეტაპს, როცა აღმოვაჩინე, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ უცნობი პირქუში ტიპები კი არ არიან საპოლიციო ქრონიკიდან, არამედ ის ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე ვეკვეთებოდი. რომლებიც, მესალმებოდნენ, მიღმოდნენ, მეხმარებოდნენ, მასწავლიდნენ და ჰოი საოცრებავ, ნარკოტიკების მავნებლობაზე მესაუბრებოდნენ.

 

ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად ვსაუბრობთ ჩართვის მექანიზმებზე და შესაბამის ბარიერებზეც. ნარკობიზნესის კლასიკური მოდელი, ნარკოტიკების ასოცირება ელიტარულობასთან ან ე.წ  პრადვინუტობასთან სულაც არაა ახალი - კარგად მახოვს, რომ პირველი მოსაწევი და პირველი აბი (კი, მაშინაც იყო), დაახლოებით 27 წლის წინ, მეც სწორედ ამა თუ იმ „ვიწრო წრესთან” დაახლოებისა და ბოგანოთა მასაზე ამაღლების ეგიდით შემომთავაზეს.

 

ეხლაც კი, როცა ვცდილობ გავაანალიზო, რამ დამიცვა, რამ მომცა ძალა არ ვყოფილიყავი წუთიერი კონიუნქტურის მსხვერპლი, მიჭირს ყველა ფაქტორის იდენტიფიცირება - დედა, მამა, მასწავლებლები, სხვა ავტორიტებები - ეს ყველაფერი ცხადია. მაგრამ მაინც, ვთვლი რომ განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობდა საზოგადოების ცალსახა პოზიცია, რომ ნარკოტიკები არის ბოროტება. ამიტომ, როცა „კეთილისმსურველი“ გასინჯვას მთავაზობდა, თანმდევ სიკეთეებს მიხსნიდა თუ გარიყვით მემუქრებოდა, საზოგადოება უხილავად, მაგრამ ძალიან პრინციპულად იდგა ჩემს გვერდით და სიმტკიცეს მმატებდა.

 

ნარკობიზნესმა ჩვენზე არანაკლებ კარგად იცის საზოგადოების ძალა. „პრადვინუტობა” ძველებურად ვეღარ ჭრის, რადგან საზოგადოებას თავისი „პრადვინუტები” ყავს - თუ ადრე წარმატებული მეცნიერის, ექიმის, არქიტექტორის და ინჟინრის ნახვა მხოლოდ უცხოურ არხებზე შეიძლებოდა, ეხლა ასეთები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ახალ ელიტას ქმნიან. შესაბამისად, ნარკობიზნესის სტრატეგია ახალ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ღირებულებას უმიზნებს...

 

თავისუფლება - რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, მით უმეტეს ახალგაზრდისთვის ამაზე მნიშვნელოვანი და მიმზიდველი. შესაბამისად, ნარკობიზნესის ბოროტი და უტიფარი, მაგრამ ხარისხიანი მარკეტინგი სწორედ ამ ახალ პარალელზეა ფოკუსირებული. ეს მარკეტინგი ამბობს - „ახალი ნარკოტიკები” არ ჰგავს მამებისას, რომელიც კოვზზე იხარშებოდა და მიჩვევას იწვევდა. ის უბრალოდ გაცეკვებს, როცა გონებას არ ეცეკვება, გახალისებს, როცა ხალისის საფუძველი არ გაქვს. შეგიძლია შეწყვიტო როცა გაგიხარდება. მოკლედ გათავისუფლებს გარემოსა და კომპლექსებისაგან. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ პირქუში ბრბო ასე ებრძვის ამ აბებს და შესაბამისად ებრძვის შენს თავისუფლებას, შენს ბედნიერებას.

 

ამ მარკეტინგის ბოროტი მისიაა ადამიანების ამოგლეჯვა საზოგადოებიდან და აბების სამყაროსთან ზიარება, სადაც სულ უნდა დაბრუნდე და ამისთვის არაფერზე არ დაიხევ უკან. მისი უტფრობა კი იმაში მდგომარეობს, რომ არავინ არ ამზადებს აბებს არც ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და არც ბედნიერებისთვის. და როდესაც “მაკდონალდიც” კი ორიენტირებულია იმაზე, რომ დაბრუნდე და კიდევ იყიდო ჰამბურგერი, რატომღაც მხოლოდ აბების მწარმოებლებს ემეტებათ კლიენტის დაკარგვა. რეალობა არის ის, რომ ნარკოდილერები ყიდიან მონობას თავისუფლების ეტიკეტით.

 

საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს ეს გამოწვევა და რესურსი, რომელსაც ნარკობიზნესი ფლობს თავის მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად. ამის დანახვა ძნელი არაა - ერთ გრამზე ფასნამატით სინთეტიკური ნარკოტიკები პრაქტიკულად ნებისმიერ პროდუქტს ჯაბნის მსოფლიოში. შესაბამისად, ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება. სულ უფრო მეტი “სახე” იქნება დაინტერესებული ნარკოტიკების პოპულარიზაციით და სულ უფრო ბნელად იქნება შერაცხული საზოგადოება, რომელიც შეეცდება ამ ბოროტებას შეებრძოლოს. მით უმეტეს, თუ დავუშვებთ, რომ ეს ბრძოლა მართლა ბნელების მარკეტინგის ნაწილი გახდეს.

 

უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი საზოგადოება ვერ წავა საკუთარი შვილების წინააღმდეგ. არ ახსოვს ისტორიას მამებს შვილებისთვის ეჯობნოთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს გავლენა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმაზე, საით წავლენ და რამდენად პირნათელი იქნებიან საკუთარ შვილებთან“, - წერს მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner