"- ხომ არ არსებობს აღდგომა?
- დიახ, მასწავლებელო.
- დიახ კი არა, არა-თქო!
- არა, მასწავლებელო!
- მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! - ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
- დიახ, მასწავლებელო!
- აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! - ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
- აბა, აღდგა ქრისტე?
- ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო!"
/გოდერძი ჩოხელი/ "ლუკას სახარება"