საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო მეგობრებო!
მინდა გამოვეხმაურო ბოლო მოვლენებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით და დიდი მოწიწებით აღვნიშნო ახალგაზრდა პროგრესული თაობისადმი ჩემი ღრმა პატივისცემა. ეს არის ის თაობა, ვინც უნდა გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. როგორც პოლიტიკოსისა და მედიცინის პროფესორის, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ახალგაზრდები.
ყველა ვთანხმდებით რომ არსებული ნარკოპილიტიკა არის ვადაგასული და საჭიროებს საფუძვლიან გადახედვას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კომპეტენტური პირისგან ამ საკითხზე დაწყებულია მყისიერი მუშაობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ჩვენი მიზანი არის საზოგადოება ნარკოტიკების გარეშე.
მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს, ძალიან ხშირად მიწევდა ნარკოტიკების უკიდურეს გამოვლინებასთან შეხება: ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭები და გოგოები, რომლებიც ნარკოტიკებს ემსხვერპლნენ - ფიზიკურად ან სოციალურად. გული მწყდება, რომ ბოლო დღეებში დაღუპული ახალგაზრდების ფაქტს არ მოყვა ასეთივე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. ჩვენი სურვილი და მზაობა ნარკოპოლიტიკის შეცვლის ზოგიერთმა ძალამ გაასაღა როგორც ნარკოტიკების წახალისება. დღესაც ისინი საუბრობენ ნარკოტიკების დადებით და სამკურნალო თვისებებზე და არგუმენტად მოჰყავთ ფსევდო და ურთიერთგამომრიცხავი კვლევები, როცა ტრადიციული მედიკამენტები უფრო უკეთ ასრულებენ სამკურნალო ფუნქციას.
გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ზუსტად იმ საზოგადოების დასაცავად, რომელმაც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მე მინდა დაგარმწუნოთ, რომ მთავრობა, შსს და მთელი მმართველი გუნდი არის და იქნება გარანტი იმისა, რომ თავისუფლების ის მაღალი ხარისხი, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენ, არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ უფრო ამაღლდება. თავისუფლების ხარისხი და კანონმორჩილება ერთი ფილოსოფიური ერთეულის ნაწილებია.
მოვუწოდებ ახალგაზრდებს და მთელს საქართველოს, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტიკებს. თქვენ გარეშე, ეს ბრძოლა იქნება ამაო. მე მზად ვარ ყველას დავეხმარო, ვინც ჩათვლის რომ ვჭირდები და მზად ვარ გავაკეთო ეს ყველასთან ინდივიდუალური მიდგომით.
მე მჯერა ჩვენი ქართველი ახალგაზრდების! მჯერა მათი სულისკვეთების და ნიჭის! საქართველოს მომავალი ხართ თქვენ. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს ილია ნაკაშიძე.