ბიზნესმენი ლევან ვასაძე „კვირის პალიტრასთან" მმართველ კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ვასაძემ ასევე უპასუხა დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც ბერძენიშვილი მას დასავლეთის მიმართ ნიჰალისტური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.
„სამწუხაროდ, დასავლეთი თავად აღვივებს თავისდამი ნიჰალიზმს. ამას როგორც დასავლეთის კარგი მხარეების დიდი აპოლოგეტი მოგახსენებთ. მინდა, მჯეროდეს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლისას, ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს დააძალეს კოალიციაში „რესპუბლიკელების" შეყვანა და ეს მისი იდეა არ იყო. მიმაჩნია, რომ „რესპუბლიკელები" ტროას ცხენივით შემოჰყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში და უცხოელი პატრონების დაკვეთით მოექცნენ ხელისუფლების სათავეში.
9 აპრილის შემდეგ, როდესაც ცოცხალ-მკვდარი კრწანისში თვალის კლინიკაში ვიწექი, ქართველმა ნამუსიანმა კომუნისტებმა პარტბილეთები გადაყარეს. კომპარტიამ კი მაშინ დაიწყო დაცლილი კვოტების შევსება და თავის რიგებში ის ხალხი მიიღო, ვისაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა პარტიაში. დავით უსუფაშვილმა სწორედ მაშინ აიღო პარტბილეთი, მის მეუღლეს კი, ქალბატონ თინა ხიდაშელს, ნათქვამი აქვს, მე სულ არ მედარდება, საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთსო და დღეს ის ჩვენს მეომრებს ხელმძღვანელობს, რაც მათი შეურაცხყოფაა. ლევან ბერძენიშვილის მიერ კაგებესთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებები კი ყველას წაკითხული გვაქვს. ახლა დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები მასწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას?!
ხვალ ჩინურმა კონფუციანიზმმა თუ რუსულმა აღორძინებულმა იმპერიალიზმმა საქართველოდან ამერიკელები და ევროპელები რომ გააძევონ, „რესპუბლიკელებს" ვერავინ დაასწრებს მათ სამსახურში ჩადგომას. მათ არანაირი პრინციპები არ აქვთ და შეიძლება ხალხს, რომელიც ნდობით არ სარგებლობს საზოგადოებაში, ასეთი მაღალი თანამდებობები ეკავოს?! ესაა ლიბერალური დემოკრატია? დიახ, სამწუხაროდ ესაა! ეს იგივე ლიბერალური დემოკრატიაა, რომელმაც ხალხის გამაუპატიურებელი სააკაშვილი ხელშეუხებელი გახადა", - განაცხადა ვასაძემ.