საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნარკორეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოების პირდაპირი ვალდებულება. ტექნოლოგიების, ინტერნეტის, სოციალური ქსელების განვითარება ნარკოკარტელმა თავის თავზე მოირგო და სამართალდამცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის მთელ მსოფლიოში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში ათამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედოზირების თუ ინტოქსიკაციის გამო. საზოგადოების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 11 მაისის შსს-ს საპოლიციო რეიდმა ღამის კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩემი აზრით, აქ მნიშვნელოვანია სამი გარემოება. 1. პოლიციას ძალისთვის არ გადაუმეტებია 2. პოლიციის ქმედება იყო კანონთან შესაბამისობაში (მოსამართლის განჩინების საფუძველზე) 3. განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების აპრობირებული პრაქტიკის გათვალისწინება მსგავს სიტუაციებში.
მაგალითისთვის გავიხსენებ 2016 წ. ჩატარებულ რეიდს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დიდ ღამის კლუბში. მას მერე, რაც ორი ბრიტანელი გარდაიცვალა. მსგავსი საპოლიციო ქმედებები აპრობირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ემსახურება მოქალაქეების დაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენი ხელისუფლების მიზანია დაუნდობელი ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან და ეს პროცესი გაგრძელდება შეუქცევადად. სიცოცხლის უფლება ყველაზე დიდი უფლებაა უფლებებს შორის და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ახალგაზრდობის მოწამვლის და ამ გზით გამდიდრების. ხოლო მომხმარებლებთან სახელმწიფოს მიდგომა ცალსახად შეცვლილია 2012 წლის შემდგომ. დღეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის მხოლოდ ორი ადამიანი იხდის სასჯელს. სისხლისსამართლებრივი დევნა პრაქტიკულად შეწყდა და მომხმარებლები ინაცვლებენ ჯანდაცვის სფეროში. მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა სამართალდამცავების მიმართ, რათა მათ გააგრძელონ დაუღალავი, უკომპრომისო, შეურიგებელი ბრძოლა რეალიზატორებთან (ბარიგებთან). მათზეა დამოკიდებული ახალი თაობის, ჩვენი ძმების და დების, შვილების ბედი, თუ რა გარემოში გაიზრდებიან. ნარკორეალიზატორები არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირების და სპეკულაციების საგანი. პირიქით, მთელი ერის კონსოლიდაციაა საჭირო ამ მსოფლიო, გლობალურ სენთან. Respect გიორგი გახარია“, - წერს ზარდიაშვილი.