შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმებით და გადაწყვეტილებით დასრულდა. შეხვედრას სახალხო დამცველი და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების არეალს. წერტილი! ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ, ერთობლივ ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის პირველი შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამის შემდგომ, როგორც გუშინ აღვნიშნე, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით დღეს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, იყო თუ არა შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, დღეის მდგომარეობით არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევა კონკრეტული - ამაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.