ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული ვაგზალი დახვდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზამ“ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED სანათები.
„საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.