ავტორი სოფო ხუგოიანი
კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ, რომელიც პარლამენტში იყო შეტანილი დღეს სოსო ჯაჭვლიანმა უკან გამოითხოვა. „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი საპატრიარქოს პოზიცია გახდა. ტომარაძე განმარტავს, რომ საპატრიარქო გაემიჯნა პროცესებს და ღიად არ დაუჭირა მხარი ინიციატივას:
„კანონპროექტის უკან გამოტანის მიზეზი გახდა ის, რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ და ამბობდნენ - ეს კანონპროექტი შეზღუდავდა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, დაიცავდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ა.შ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდებოდა მიზანმიმართულად. გარდა ამისა, მიზეზი არის ისიც, რომ საპატრიარქო გაემიჯნა პროცესებს და არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ასევე, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისგანაც არ იგრძნობოდა მხარდაჭერა, ერთადერთი მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ამ ყველაფრის ფონზე, სოსო ჯაჭვლიანმა პროექტი უკან გამოითხოვა", - აცხადებს ტომარაძე.