იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანი იყო არაეფექტური მენეჯერი და ამიტომ მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება. მურუსიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანს არ ედავება, როგორც მოსამართლეს.
„მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს, დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით, რასაც ის აკეთებს, რაიმე დევნა განხორციელდეს. ის რჩება მოსამართლედ.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ის მენეჯმენტი, რომელიც საქალაქო სასამართლოში ხორციელდება, არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, არ იმყოფებოდა ხშირად სასამართლოში, რეალურად ეჭვი დგებოდა საქმეთა მართლზომიერ გადანაწილებებზე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მენეჯმენტის კუთხით. ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად,მოხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მაგრამ მას, როგორეც მოსამართლეს, არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.