ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს მისი დაბადების დღეა...
...როცა ურბნისის ტაძარში მივდივარ, ეზოში მარჯვენა მხარეს მიმიწევს გული, მის საფლავს რომ მივეფერო და ჩემი ტკივილი თუ სიხარული ვუამბო...
სქემონაზონი ნინო (დაშნიანი)... ვინც მას იცნობდა, წარმოუდგენელია, მის გახსენებაზე გული სითბოთი და სიყვარულით არ აევსოს. დედა ნინო ხომ ის ადამიანი იყო, რომელსაც ყველასთვის შეეძლო, ნუგეში ეცა, სიყვარულით აევსო, სიხარული მიენიჭებინა...
...თავისი თბილი, დედური ხელებით ჯვარს გადამსახავდა და თბილად მეტყოდა - ჯვრის ძალა გიფარავდეს ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაშიო... მერე ხელით მანიშნებდა, მომიახლოვდიო და ჩუმად, ჩურჩულით კიდევ უფრო თბილად დამლოცავდა, გულზე შვილივით მიმიკრავდა, მერე თვალებს ზემოთ აღაპყრობდა და კიდევ დამლოცავდა _ გამრავლდი, გაიხარეო... ღმერთო, ახლა ისე ცოცხლად ვიგრძენი მისი ხელების სითბო, მის ზღვისფერ თვალებში ჩაბუდებული ულევი სიყვარული... მომენატრა ახლა, ძალიან მომენატრა...
...ერთხელ, მახსოვს, თვალზე ცრემლი შევნიშნე - დედაო, რატომ ტირი, რა მოხდა-მეთქი, უცებ ჩემი ვაჟების - ნუკრის და დათოს ხმა მომესმაო... მერე მომიყვა ის ტკივილი, რომელიც ყველა შვილმკვდარ დედას სულში მარადიულად ჩაეკირება, იმის მიუხედავად, სადაა და რა სტატუსი აქვს...
...მან მისი დღიური მე დამიტოვა... კურთხევა ავიღე, ოდესმე აუცილებლად გამოვაქვეყნებ-მეთქი...
„მე ველოდები იმ დიდ სიხარულს, როცა დრო მომივა, შემომხვდებით შენ, ნუკრი და ჩემი უსაყვარლესი, არქიმანდრიტი შიო~
…2003 წლის 22 აგვისტოს გარდამეცვალა ჩემი პატარა, ნაბოლარა შვილი დათო - უსაყვარლესი, მაღალი, ახოვანი, ლამაზი. ჩემი გამხარებელი და ჩემი უდიდესი დამღონებელი.
ჩვენი მონასტერი - ურბნისის დედათა მონასტერი, გახარებული ვიყავით. 900 წლის წინ ჩვენს ეკლესიაში, ურბნისის სამნავიან ბაზილიკაში ჩაატარა საქართველოს გამოჩენილმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება... ჩვენმა მიტროპოლიტმა იობმა გვითხრა, რომ ახლა აქ ჩატარდება უწმინდესის და უნეტარესის ხელმძღვანელობით წირვაო. ჩვენ ძალიან გავიხარეთ.
ჩემი შვილი, დავითი ყოველთვის ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან ჩემი ანგელოზის დღეზე, ან დაბადების დღეზე მინდვრის ყვავილებით თავის ქალიშვილთან, ანასთან ერთად. მასაც ეჭირა ხოლმე ხელში მინდვრის ყვავილები და ასე მახარებდნენ. დათოს მოჰყავდა ხოლმე თავისი სულიერი მოძღვარი, ჩემი შვილობილი, მეუფე ზენონი თავისი მგალობლებით. მონასტრის აივანზე ვაწყობდით სუფრას. მხიარულად გალობდნენ. ჩვენი მონასტრის გარშემო ჩვენი მეზობლები გაკვირვებულნი იყურებოდნენ ხოლმე ჩვენკენ. ჩემი შვილი დათო გვეხმარებოდა ფულით და პროდუქტებით. ყველას გვიხაროდა მათი მოსვლა ჩვენთან.
სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ერთი კვირით ადრე გვესტუმრა. მე ჩემ ცოლ-შვილთან უნდა წავიდეო სანახავად. მე ვუთხარი, შვილო, ჩვენთან დიდი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. შენი მოძღვარი მეუფე უნდა გახდეს, არ წახვიდე ახლა და მერე წადი-მეთქი... მაგრამ მაინც წავიდა... ბათუმიდან დამირეკა - ჩემი მოძღვრის - ზენონის მეუფედ კურთხევას გილოცავთო და კიდევ - ჩემ ამხანაგ მამუკა ჩხეიძის მეუღლეს მეოთხე ბავშვი შეეძინა და დავითი დაარქვესო. ძალიან გამიხარდა. ცოტა დრო გავიდა ამის შემდეგ... მე ძალიან ცუდად გავხდი...
22 აგვისტოს ცხელოდა ძალიან. ჩემს მორჩილებს ვუთხარი - საწოლი გარეთ გამომიტანეთ-მეთქი. უცებ გამოიტანეს და წამოვწექი, მაგრამ მე მონასტრის წინამძღვარი ვიყავი და ყურადღებას ვაქცევდი ყველაფერს...
უკვე 6 საათი ხდებოდა... ვკითხე დედებს და მორჩილებს - რატომ არ მიდიხართ მწუხრზე-მეთქი... უცებ წამოვდექი საწოლიდან, შევვარდი ჩემს კელიაში და ხმამაღლა ვიყვირე - ჩემი დათო გარდამეცვალა და რატომ მიმალავთ-მეთქი. იქვე იდგა ჩვენი მკერავი ლიანა. შემოვარდა, დამიჩოქა და ტირილით მითხრა - მართალი ხარ, დედაო... მე შემოვბრუნდი ხატებისკენ აღმოსავლეთით და დავიწყე ღრიალი - უფალო, 20 წელია გევედრებოდი, ჩემი დათო, ნინო და ნუგზარი მიცოცხლე-მეთქი, მაგრამ უფალო, იყავნ ნება შენი-მეთქი.
რა დღეც მე მაშინ დამადგა, არც ერთ დედას არ ვუსურვებ. ღმერთო, შვილი არავის მოუკვდეს! საშინელებაა!
ჩემო დათო! დაგიტირეთ, შვილო, მეტი რა გზა გვქონდა. შენი პატარა ცოლი, ბაკა, როგორ დაგტიროდა, შვილო! არ მეგონა, ასე თუ უყვარდი! ყველა დაგვხოცა ტირილით. მერე კი უკვე ისწავლა ფსალმუნების კითხვა და ლოცულობდა შენთვის. შვილო, მეოცე კანონში ამოიკითხა: „კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ.“ (ფს.143-4) ერთ ლოდზე აწერია - დაშნიანი დათო, მეორეზე - კაცი ამაოებასა მიემსგავსა“...
შვილო, როგორ დატოვე შენი პატარა ცოლ-შვილი, შენი გოგონა, ანა, შენი ტყუპისცალი ნინო, შენი ძმა - ნუგზარი. შენმა ძმამ, ნუგზარმა გადაწყვიტა, ბერი გამხდარიყო. როდესაც ჰკითხეს, ნუგზარ, რატომ მიდიხარ მონასტერშიო, მან უპასუხა - ჩემი პატარა ძმა გარდამეცვალა და უნდა ვილოცო მისთვისო. შენი მეორე ძმა ნუკრი-ნიკოლოზი 20 წლის წინ გარდაიცვალა. შენ ეუბნებოდი შენ ძმას - ნუ გეშინია, ნუკრი, მე შენს ცოლ-შვილს მოვუვლიო.
ჩემო სიცოცხლევ! ასეთი იყავი, მაგრამ მეტი აღარ დაგცალდა. მე მეუბნებოდი ხოლმე - ეს ლეჩაქი გვერდზე გადაიწიე, ჩემი დედიკო ხარ, უნდა გემთხვიო ლოყაზეო. რატომ მე არ გამისკდა გული, შვილო. შენს მერე დამემართა ინსულტი და მარცხენა ხელ-ფეხის დამბლა. უკვე სამი წელია ვზივარ ჩემს საწოლზე, ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია. მე ყველასთვის ვლოცულობ, შვილო - ცოცხლებისთვისაც და გარდაცვლილებისთვისაც. კიდევ შენი ძმა - ბერი ნეოფიტე ლოცულობს თქვენთვის - შენთვის, ნუკრი-ნიკოლოზისთვის, თქვენი მამისთვის - აპოლონ მურთაზისთვის. უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა თქვენთვის.
მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ორივე ძმებს სასუფეველი დაგიმკვიდროთ ღმერთმა. ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც თქვენ წირვები და პანაშვიდები დაგიყენათ. აშკარად მჯერა, რომ თქვენ სასუფეველში ხართ. მე ველოდები იმ დიდი სიხარულს, როცა დრო მომივა, შემომხვდებით შენ, ნუკრი და ჩემი უსაყვარლესი, არქიმანდრიტი შიო - იგი მესამე შვილია ჩემი. უფალი ჯერ არ მკლავს იმიტომ, რომ დედის ლოცვა ძალიან კარგია თქვენთვის და კიდევ გჭირდებათ ჩემი ლოცვა! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! მე ძალიან ბევრს ვლოცულობ თქვენთვის და ყველასთვის - ამიტომ არ ვკვდები ჯერ! ისე, სიკვდილზე ყველა დღე ვფიქრობ. არ მეშინია არაფრის! ღმერთი ჩვენთანაა ყოველთვის!
ახლა, 22 აგვიტოს, შენ გარდაცვალებიდან 4 წელი გისრულდება. გვენატრები, შვილო, დათო, ძალიან! ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ იმქვეყნად, შვილო. აქ ვერ გაიხარეთ... იქით მაინც იყავით კარგად!..
თქვენთვის მლოცველი თქვენი დედა - სქიმონაზონი ნინო!
10.06.2007 წ.“
P.S... მის საფლავის ქვასაც, სხვების მსგავსად, ორი თარიღი აწერია, მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი ტკივილიანი დღე, თვე, წელიწადია ბეწვის ხიდად გადებული ამ ორ თარიღს შორის... მის სიცოცხლეზე რამდენჯერ უწვიმია გულდაფლეთილი დედის მწუხარებას... და რამდენჯერ შესწვდენია ზეცას თვალებაპყრობილი, ორგზის შვილმკვდარი დედის გულის გულიდან ამოხეთქილი: „ყველაფრისათვის გმადლობ, უფალო!“
...დედა ნინოს გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ერთხელ წავიკითხე მისი დღიური - ორგზის შვილმკვდარი დედის ცრემლებით დანამული... მეტად ვერ შევძელი... ალბათ იმიტომ, რომ ძნელია, დაიტიო ის უზარმაზარი ძალა, რომელიც შვილის გარდაცვალების საზარელი ამბის შეტყობის შემდეგ დედას ათქმევინებს: „იყავნ უფალო ნება შენი“... ადამიანურ ძალებს აღემატება, გააცნობიერო ეს წარმოუდგენელი სიყვარული უფლისა!..
...და ახლაც, ურბნისის დიდებულ ტაძარში ლოცვად დამდგარი, სულ ვეძებ მის დედური სითბოთი სავსე, უძირო, ცისფერ თვალებს, ვეძებ და ვგრძნობ, რომ იქაა, მელოდება_ ალბათ მინდვრის ყვავილებით ხელში... მელოდება, რომ ისევ დამლოცოს, თავისი თბილი ხელებით მიმიკრას ტკივილით დასერილ, მაგრამ უზომო სიყვარულით გამთბარ მკერდზე და ჩუმად ჩამჩურჩულოს: „უფალს უყვარხარ... ყველაფერი კარგად იქნება“..
...მიყვარხარ, დედა ნინო!..“ - წერს შორენა სიხარულიძე.