logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ერთი ამბავი მინდა გავიხსენო...
- +

15 მაისი. 2018. 15:42

 

 

„ერთი ამბავი მინდა გავიხსენო“, - წერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდი საბჭოთა იყო. 1988 წელს დავამთავრე სკოლა. მაშინ სხვა ქვეყანა იყო. მერე ყველაფერი, ამბობენ, რომ განათდა: ყველამ თქვა სათქმელი, მშობლებმა დაგვიდასტურეს, რუსები ოკუპანტები აღმოჩნდნენ, თავისუფლება მოვითხოვეთ, მიტინგები დაიწყო, ნარკოტიკიც გაიჩითა, იარაღიც აჟღარუნდა, მოსაწევის შეთავაზება ვაჟკაცობად ჩაითვალა. გამოიკვეთნენ ჩასუქებული ბიჭები, რომლებიც აქამდე „ჩმორებად“ ითვლებოდნენ, რომლებიც მაგარი ბიჭების „სასტავში“ აღმოჩნდნენ. ასეთ ერთ-ერთ ტიპზე მინდა მოგიყვეთ. მის სახელს არ ვწერ, რადგან დღესაც სუნთქავს. ხო, სუნთქავს, რადგან მის ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია. ჯერ ერთი ყოჩი დაღუპა, შესვა და მალე ბოლო მოუღო. ის არაფერ შუაში იყო, შესთავაზა: გაიკეთეს, ის მოკვდა, ეს გადარჩა, მერე მეორეს მიუცუცქდა: შესვა, ერთად გაიკეთეს, ის მოკვდა - ეს გადარჩა. ერთი წამალი, ერთი „ბაბაჩკით“, ერთი ნემსით... რა დამნაშავე იყო? მერე მამამ უმკურნალა, გამოვიდა სამკურნალო დაწესებულებიდან და მესამე „დაიბრატა“. ერთად წავიდნენ ქალაქგარეთ. ის ჩამოასვენეს, ეს ჩამობრძანდა. დაკრძალვისას პარკით რაღაც ჩაუდო და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა. ვკითხე - რომ მკურნალობ, რა აზრი აქვს, როცა კვლავ იკეთებო, მითხრა: თაქთაქ, შენ რა გგონია, რომ ვმკურნალობ, მერე უკეთესი „პრიხოდი“ აქვსო, წამო მანქანით ვარ და სახლში მიგიყვანო, ჩავჯექი, გპი-ს მეორე კორპუსთან ჩიხია, მგონი ბენდელიანის სახელობის, იქ შეუხვია. ორი ჩემი მეგობარი ელოდა. ვა, თქვენ ერთმანეთს იცნობთო? უკანა კარის შიგნითა პლასტმასის ფერდი მოაძრეს, იქიდან გამჭირვალე სისხლის გადასხმის სისტემა (ბაბაჩკა ) ამოიღეს. რაღაც ჯიბეში ჩაიდეს. ჩაცუცქდნენ და მოამზადეს.... შენ რას გვიყურებო, დავაი, შენ პირველიო, ვიუარე, რას ამბობ, ბიჭო, გვთარსავო, მეგობართაგან ერთმა მითხრა: მაგრა გატეხავო, არა-მეთქი და წამოვედი. იმ მეგობართაგან არცერთი არ არის ცოცხალი, ერთი დაემატა იმ სამს, მეორემ თავი ჩამოიხჩო, მკურნალობის შემდეგ რომ კვლავ მოუნდა, ოჯახის შერცხვა... მისგან განსხვავებით. ცხონებულნი, ნიჭიერები იყვნენ, სულ ვაჟკაცებს ირჩევდა. თვითონ გოჭს ჰგავდა. ერთი თვის წინ დავინახე, სახლიდან ჩამოვიდა და ბუტკაში შეიხედა. გამყიდველს უთხრა რაღაც. იქვე ვიდექი, ვერ მიცნო. ისევ ავიდა სახლში. გამყიდველს ვკითხე, რა უნდოდა მეთქი: 10 წლის წინ „ზაჟიგალკის“ დატენვაზე ვმუშაობდი, მის მერე მატენინებს „ზაჟიგალკას“ , მისთვის ვყიდულობ ბალონსო, გამეცინა: რაზე გეცინებაო, მკითხა: სიმწრით მეცინება-მეთქი. მეგობრები გაისტუმრა და ამ „ზაჟიგალკას“ ვერ ისტუმრებს-მეთქი.. რა „ზაჟიგლკაა“ ასეთი, ვკითხე. ჩეკების მაღაზიაში უყიდია და „ქემელი“ აწერიაო. დაკრძალვაზეც ეს ჰქონდა, ნარკოტიკი რომ გაატანა. ის არ ყიდდა ნარკოტიკს, ის აყიდინებდა და წილში იყო, ოღონდ ნატურით.

მეზიზღება, როგორ შევუნდო?“ - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner