logo_geo
eng_logo
თბილისი, „დინამოს“ სტადიონი, 1977 წლის 23 ივლისი – ტრაგედიიდან ერთ ნაბიჯში
- +

13 მაისი. 2018. 15:44

 

 

ზუსტად 37 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ და მთლიანად ქართულმა ფეხბურთმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. დიუსელდორფში „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა და ევროპის თასების თასს  დაეუფლა. ამ გამარჯვებას წინ უძღოდა არანაკლებ ისტორიული მატჩი, ინგლისურ „ლივერპულთან“. 100 ათასი მაყურებლის თვალწინ, ვ. ლენინის სახელობის სტადიონზე, ქართველმა ფეხბურთელებმა ინგლისელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. „დინამოს“ სტადიონს არაერთი ასეთი გამარჯვება ახსოვს, თუმცა დღეს უშუალოდ ქვეყნის მთავარი სპორტული არენის ისტორია გვინდა მოგითხროთ.

 

„დინამოს“ პირველი სტადიონი, ტრიბუნით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ „აპოლოს” გვერდით აშენდა. იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში  დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა. 1932 წელს გამოცხადდა კიდეც კონკურსი სტადიონის პროექტზე, რომელშიც ახალგაზრდა არქიტექტორმა, არჩილ ქურდიანმა გაიმარჯვა. სამშენებლო სამუშაოები 1933 წელს დაიწყო და 1935 წელს დასრულდა. ახალი არენა 23 ათას მაყურებელს იტევდა, მის ასაშენებლად 6 მილიონი მანეთი დაიხარჯა. 1963 წელს ტრიბუნების რეკონსტრუქციის შემდეგ დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 36 ათასამდე გაიზარდა. 1967 წელს არჩილ და გიორგი ქურდიანების პროექტის მიხედვით დაიწყო სტადიონის გენერალური რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც  1976 წელს დასრულდა.  რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონის ტევადობა 78 ათასამდე გაიზარდა. სტადიონზე პირველი მატჩი იმავე წლის 29 სექტემბერს შედგა – ეს იყო „უეფას“ თასის მატჩი თბილისის „დინამოსა” და უელსის „კარდიფ სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც „დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. „დინამოს“ სტადიონის ისტორიის ნაწილია 1977 წლის 23 ივლისი. თვითმხილველების განცხადებით, იმ დღეს თბილისი და  მთლიანად საქართველო  დიდ ტრაგედიას გადაურჩა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში „დინამო“ ვოროშილოვგრადის „ზარიას“ მასპინძლობდა. მატჩის არბიტრის, ლიტველი რომუალდას იუშკამის არაობიექტურმა მსაჯობამ ვითარება სტადიონზე უკიდურესად დაძაბა. კულმინაცია იყო მატჩის ბოლო წუთი, როცა არბიტრმა ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის წაქცევისთვის აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. აღელვებული მაყურებელი სტადიონზე შეიჭრა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მაყურებელს მატჩის კომენტატორმა კოტე მახარაძემ მიმართა, მაყურებელს სიმშვიდისაკენ  ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმაც მოუწოდა, თუმცა ამაოდ. მაყურებელს დაშლის თხოვნით  მეგაფონით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ არავინ ტოვებდა არც მოედანს და არც ტრიბუნებს. მოულოდნელად, შევარდნაძემ დატოვა სამთავრობო ლოჟა, გადავიდა ტრიბუნებზე, შემდეგ მინდორზე და მაყურებელს სიტყვით მიმართა. ყველას გასაკვირად, სიტუაცია განიმუხტა და მაყურებელმა დაშლა დაიწყო. ეს ამბავი მოგვიანებით შევარდნაძემ თავის მემუარებში ასე აღწერა: „ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან, თამაშის დასასრულს მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს თუ უნებლიეთ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი. „ბიჭებო, – მივმართე მათ, -ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით“, – ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა“, – წერს შევარდნაძე.

 

„დინამოს“ სტადიონის ისტორიის ნაწილია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩიც, თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის. შეხვედრა 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გახსნა. ისტორიული მატჩი, სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა. შეხვედრას 80 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner