logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ყველაფერზე ნუ „ღადაობთ“, ხალხო!
- +

16 მაისი. 2018. 03:31

 

 

ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა შესაძლებელი ხდება.

 

„ყველაფერზე ნუ „ღადაობთ“, ხალხო, მე მჭირს მაგალითად ისეთი დაავადება (ბეხტერევს), რომ ხერხემალი გამიქვავდა უკვე და ჯერი სახსრებზეა. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს. ძვლებში დამტვრევას და ამ ნამტვრევების გროვის დამარხვას არც მე ვისურვებდი. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი“, - წერს დავითაშვილი.

 

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

 

იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.

 

აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ მითითებულია გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner