პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა შესაძლებელი ხდება.
„ძვირფასო მეგობრებო, თუ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო მიცვალებულის დაკრძალვის ისეთი წესი, რომელიც იმ კუთხის ტრადიციებს ითვალისწინებს, ეს არავისი დასაცინი და სამასხარაო არ არის! აღმოსავლეთ საქართველოში რომ ხაშლამიანი ქელეხი იციან (მათ შორის შუა მარხვაშიც), ლიხს იქიდან ეგეც ცუდად ჩანს, მაგრამ მე ქართლ-კახელების მასხრად აგდება ამის გამო მეგრელებისგან არ მომისმენია! საქართველოს ერთიანობას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება და ეს სხვადასხვა კუთხის შვილებმა უნდა გავაკეთოთ ურთიერთპატივისცემითა და ტაქტით! მითუმეტეს, სამეგრელო ჩვეულებრივი კუთხე არ არის, ის უძველესი და ყველა ქართველისათვის საამაყო კოლხეთის შთამომავალია და ასევე უძველესი იბერიის შთამომავალ ქართლთან ერთად ერთიანი საქართველოს დამფუძნებელი ფარნავაზისა და ქუჯის დროიდან!
რა თქმა უნდა, ეს წესი წარმართულია და ქრისტიანული არ არის, შეიძლება, მეც არ მომწონდეს, მაგრამ ამას მშვიდი ახსნა სჭირდება და არა მასხრად აგდება! საქართველოს ბევრ კუთხეშია წარმართული წესები შერეულია ქრისტიანობასთან (განსაკუთრებით მთაში) და თუ ვინმე მათ კრიტიკას მასხარაობის ფორმით დაიწყებს, ვერც მაგას შევეგუები!
თურმე, ბევრ საკრებულოს ჰქონია ეს წესი მიღებული და ვინც ზუგდიდი გამოარჩია მათგან და სამიზნედ აქცია, დასაჭერია კუთხური შუღლის გაღვივებისთვის!
P.S. ბოდიშს გიხდით უნებლიეთ შეცდომაში შეყვანისთვის! არ ყოფილა ეს მეგრული ტრადიცია. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი.
მუნიციპალიტეტების უმეტესობას მიღებული აქვს სასაფლაოების მოწყობის წესი. მათგან ქვემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში არის შემდეგი ჩანაწერი: „გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი“.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2011 წელი
ბათუმის მუნიციპალიტეტი 2010 წელი
თბილისის მუნიციპალიტეტი 2014 წელი
გორის მუნიციპალიტეტი 2017 წელი
სენაკის მუნიციპალიტეტი 2016 წელი
ფოთის მუნიციპალიტეტი 2014 წელი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2014 წელი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2013 წელი
აბაშის მუნიციპალიტეტი 2012 წელი
ხაშურის მუნიციპალიტეტი 2012 წელი“, - წერს დავითაშვილი.