logo_geo
eng_logo
დავით გაჩეჩილაძე: შვილო, ანა... გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ... გევედრები, შეჩერდი - ვაშინერს!
- +

16 მაისი. 2018. 16:58

 

ანანია გაჩეჩილაძის საქციელს, რომელმაც პრეზერვატივზე ქართველთა სათაყვანო წმიდა მეფე თამარი მიახატა, ყველაზე მეტად ერთი ადამიანი განიცდის. ის ანას მამაა და შვილი წარწყმედისთვის არ ემეტება.

 

„ასი ეშმაკეულისგან ღვთისგმობას ერთი მართალის გულწრფელი ლოცვა გადაწონის. ანამ დიდად დააშავა, მაგრამ საზოგადოების მიღწევა იქნება, თუ ბავშვს არ გარიყავს, ეკლესიის წიაღში ანას დასაბრუნებლად ილოცებს და ეშმაკს კლანჭებიდან მის სულს გამოგლეჯს. მხოლოდ ამ სასწაულის იმედად ვარ!“ - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ანანიას მამამ, ცნობილმა ჟურნალისტმა, თოქ-შოუ „სპირალისა“ და „ალიონის“ ტელეწამყვანმა დავით გაჩეჩილაძემ, რომელსაც შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში „ასავალ-დასავალი“ „სკაიპით“ დაუკავშირდა.

 

- ვიცი, ამ ინტერვიუს ანაც წაიკითხავს. ისიც ვიცი, საზოგადოებაში ანას მშობლების მიმართაც დიდი აგრესიაა, მაგრამ დაე, საზოგადოება ნუ გამკიცხავს, თუ მე ამ აგრესიას ვერ შევუერთდები, რადგან ანა ჩემი პირველი შვილია, თან, მამაშვილურის გარდა ქრისტესმიერი სიყვარულითაც მიყვარს და დასაღუპად არ მემეტება! სიმართლე გითხრათ, ანას დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მართლმადიდებელი საზოგადოების მხრიდან ლოცვას და სულიერ თანადგომას უფრო მოველოდი, ვიდრე წყევლა-კრულვას და შეჩვენებას. ასეთი აგრესია გაცილებით საშიშია, ვიდრე ანას საქციელი. შეცდომილი ძეც ხომ საყვარელია უფლისათვის, შეცდომილთათვის ლოცვას თავად უფალი გვასწავლის. ზეციური მამა განსაცდელის ჟამს არასოდეს გვტოვებს და მადლობა უფალს, ამ განსაცდელისთვის, რაც ალბათ, სულიერად გაძლიერების მიზნით მოგვცა პირველ რიგში მე, როგორც ანას მამას და შემდეგ, მთელ საზოგადოებას. დიახ, როდესაც ერში ამდენად დასახიჩრდა ცნობიერება, რომ ახალგაზრდა გოგო პრეზერვატივზე სიწმინდეებს ახატავს, განგაშის ზარები მართლაც დასარისხებელია, რამაც აგრესიისკენ კი არა, რწმენაში გასაძლიერებლად უნდა მოგვიწოდოს!

 

- თქვენს შვილს რაიმე საფრთხე ემუქრება?

 

- შვილის გადასარჩენად ვიბრძვი. ანა ფიზიკურად რომ გამომცლოდა - ადამიანურად გამოვიგლოვებდი. მაგრამ გარდაცვალებაზე მეტად, მის სულიერ სიკვდილს ვუფრთხი და უფლება არ მაქვს, ჩემი გოგონა, რომელიც კატასტროფის მიჯნაზე იმყოფება - ეშმაკს დავუთმო! ნუ გამკიცხავთ ანას ქომაგობისთვის. აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ, როცა ბავშვზე ბოროტ ძალას, უზნეო გარემოს - მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მშობელს... ჩემი ანას გადასარჩენად მე მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო. მიყვარხარ, მამიკო! გახსოვდეს, უფალი შენც ზუსტად ისე გელოდება, როგორც სახარებისეულ იგავში მამა უძღებ შვილს! იცოდე, ბერად შედგომაც რომ მომიწიოს, შენს თავს და სულს ეშმაკს მაინც არ დავუთმობ.

 

- ჯერ ის გვითხარით, ვინ ხართ, თავად რა გზებით გივლიათ, საით მიემართებით?

 

- აღმსარებელი და მოზიარე ვარ, 11 წლის ასაკიდან მედავითნე და სტიქაროსანი ვიყავი, 24 წლისა პროფესორი გავხდი და ამჟამად შვეიცარიაში სტუდენტებს სატელევიზიო ჟურნალისტიკას ვასწავლი, პარალელურად, მხატვარ-არქიტექტორი გახლავართ და კინეტიკურ სკულპტურებს ვქმნი. 1993 წლიდან უცხოეთში ვცხოვრობ, თუმცა, პერიოდულად, სამშობლოში ჩამოვდივარ და საქართველოს მოქალაქეობა არასოდეს დამითმია. ადრე „იბერვიზიაზე“ ვმუშაობდი. 19 წლის ვიყავი, როცა 1992 წლის 16 აგვისტოს სოხუმის ტელეანძასთან, როგორც დიქტორმა - პირდაპირ ეთერში საქართველოს ვაუწყე, რომ სოხუმს და მთლიანად აფხაზეთს ქართული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ამის გამო სეპარატისტებმა ჩემი, როგორც ქართული ტელევიზიის სახის მოკვლისთვის ჯილდოდ 50 ათასი დოლარი დააწესეს, ხოლო ომის შემდეგ დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს. მოგვიანებით, როცა რწმენაში გავძლიერდი, დაპატიმრების რისკის მიუხედავად, გელათიდან ღვთისმშობლის ხატით აფხაზეთისკენ ფეხით გავემართე და 20-წლიანი პაუზის შემდეგ ილორის ტაძარში აფხაზ მღვდელთან, მამა სერგი ჯოპუასთან ერთად პარაკლისი ქართულად აღვასრულეთ.

 

- ანანია რად ემტერება სარწმუნოებას? ბავშვს რაიმე დააკელით?

 

- მე მას ღვთისმშობლის დედის სახელი - ანა დავარქვი. ანანია - წმინდანის სახელი - თავად დაირქვა. ეკლესიების რესტავრაციის დროს ფუნჯით ხელში გვერდით მედგა და ჯვრებს ღებავდა. ხუცური ვასწავლე. ნათლია მიტროპოლიტი ჰყავს. ეკლესიაში მედავითნე იყო და გალობდა. როცა თბილისში მშიერთა დაპურების აქციები დავიწყე და მაცივარი დავდგი, სადაც ყველა ადამიანს შეეძლო პროდუქტი მოეტანა - ანა გვერდით მედგა და უპოვრებს საჭმელს ურიგებდა. „მაკდონალდსშიც“ უპოვარ და მშიერ ბავშვებთან ერთად დამყავდა, რათა მათზე ზრუნვა მესწავლებინა. 7 წლიდან აღმსარებელ ბავშვს რა ეშმაკი ეტაკა, არ ვიცი! შეიძლება, ასაკი აქვს ასეთი, ან ვინმემ ტვინი შეგნებულად აურია! ფაქტია - ბავშვი შეპყრობილია. ვემიჯნები ანას საქციელს, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს, გავემიჯნო მას როგორც შვილს და ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავირიდო. 7 შვილი მყავს. აქედან, 6 ღვიძლი, 1- ნაშვილები. მათ შორის ანა ყველაზე უფროსია. 13 წლის იყო, როდესაც მის დედას დავშორდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბავშვი ფაქტობრივად, უჩემოდ გაიზარდა, მამის სითბო დააკლდა, დამნაშავე ვარ მის წინაშე. მეც შემიძლია მკაცრად დავგმო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ვფრთხილობ, ჩემი არასწორი მიდგომით, ბოლომდე არ დაიღუპოს.

 

- რა მოტივაციით დგამს ასეთ გამომწვევ ნაბიჯებს?

 

- თავისი ჭკუით, სიმართლისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. ერზე მზრუნველის ამბიცია აქვს, პირდაპირ მითხრა - ბნელების თაობა ხართ და ჩვენმა თაობამ უნდა გამოგაფხიზლოთო. შინაგანად პატრიოტია. 2008 წელს 13 წლის იყო, როცა პერევში მოხალისედ გაიპარა ომში. ქვეყანაში შექმნილ კრიზისებს აფასებს, საუბრობს ეკონომიკურ გაჭირვებაზე და ბევრ ისეთ სიმართლეს ამბობს, რის თქმასაც სხვები ვერ ბედავენ. შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ ზურგი ვაქციოთ? უფალს ხომ შეცდომილის მობრუნება უხარია. მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. მე ვემიჯნები ანას საქციელს, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს, გავემიჯნო მას როგორც შვილს. თანაც, ეს არ არის მარტო ჩემი ოჯახის პრობლემა. ხომ ნახეთ გოგონები, თითებზე პრეზერვატივები რომ აქვთ ჩამოცმული და ჯვრის გადასახვის იმიტაციას აკეთებენ? ეს ძალზე საშიში, გადამდები ტენდენციაა! ჩვენს საზოგადოებას ახლა ემართება, რაც ევროპაში 50-იან წლებში სექსუალური რევოლუციის სახით მოხდა და რასაც, ნამდვილ თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.

 

- ლიბერალურ ფასეულობებს ემიჯნებით?

 

- ზნეობრივი დეგრადაციის ჩათვლით, ჩვენს ერზე დამტყდარი ყველა განსაცდელი თბილისის ომიდან იღებს სათავეს. 25 წელია, ევროპაში ვცხოვრობ და მერწმუნეთ, რასაც ჩვენი ბავშვები სჩადიან, უკიდურესად განსხვავდება ევროპული ტრადიციული ღირებულებებისგან. ანას მუდმივად ვუკიჟინებ, რომ მისგან ქმნიან საფრთხობელას, რომელიც ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს აკნინებს, თანაც, მრისხანებაში აგდებს ურიცხვ ადამიანს, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ის მოკლან. ამით მხოლოდ ბნელი ძალები ისარგებლებენ, ვისი გავლენის ქვეშაც ანა იმყოფება. სხვა ტრაგედიაც შეიძლება მოხდეს - მე ვერ გადავიტანო შვილის საქციელი, მის წინაშე არსებული საფრთხეები, გული გამისკდეს და მოვკვდე, ანას კი, საკუთარი მამის მკვლელის სახელი შერჩეს. ახლახან, როცა ეკრანზე მის გამოსვლას ვუცქერდი, გონება დავკარგე და ძირს დავეცი. 3 დღე კლინიკაში გავატარე. მაგრამ, საზოგადოებამ ის არ უნდა მოიძულოს, არამედ, სწორ გზაზე დადგომაში დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თაობისგან მენტალურ რევოლუციას და შედეგად - ათეისტურ საზოგადოებას მივიღებთ. ანა თავად ეშმაკეული არ არის. ის ფსევდოლიბერალური, სოროსისტული ძალების ტყვეა.

 

- რამ მიიყვანა თქვენი შვილი ამ მდგომარეობამდე?

 

- პროტესტმა, ისევე, როგორც ყველა თაობის ახალგაზრდა. მახსოვს, 9 აპრილის შემდეგ როგორი კატეგორიულობით მოვთხოვე მამას პარტბილეთის დახევა. ამ ახალგაზრდების ჯგუფსაც ჰგონია, სტერეოტიპების რღვევით რაღაც ახალს და ეროვნულს აკეთებენ. ანა ამ მდგომარეობამდე პროტესტმა მიიყვანა. მეუბნებოდა - აგერ მღვდელი ძვირფასი მანქანით დადის და დღეში 100 ლარის ბენზინს ასხამს, როცა გარშემო ბავშვებს საჭმელი ენატრებათო და რწმენაში დაბრკოლდა - აღსარება ვეღარ ჩააბარა, მერე, ეკლესიას გაუუცხოვდა. ვიდრე ჩემს ანას მარიტასავით ჩაქოლავენ, ასეთ საკითხებზე უნდა დაფიქრდეს სინოდი, რომ მრევლი მასობრივად არ დაბრკოლდეს რწმენაში. კრიზისი ჩვენს ეკლესიაშიც მძვინვარებს, რასაც თუნდაც, ციანიდის საქმე მოწმობს. გახსოვთ მეძავი დედაკაცი როგორ გადაარჩინა მაცხოვარმა? - ქვა იმან ესროლოს, ვინც უცოდველიაო და როცა ვერავინ გაბედა, მერეღა მიუტევა. ქალმა კი, რომელიც იმ დღეს სამეძავოდ იყო გამოსული, მიტევების მერე შეინანა საქციელი. დიახ, ანამ დააშავა, მაგრამ ვიდრე სამუდამოდ გარიყავს, ეკლესია ჯერ მის გადარჩენას ეცადოს! ილოცოს მისთვის, როგორც ეკლესიისგან განდგომილისთვის.

 

- ამჟამად, განდგომილია ანა ეკლესიისგან?

 

- ეკლესიისგან განდგომილია, მაგრამ არა ღვთისგან. რამდენიმე დღის წინ აღსარება ჩააბარა. მითხრა, რომ ზიარებაც სურს - ეს მისი მოძღვრის გადასაწყვეტია. მინდა ვთხოვო „ასავალ-დასავალის“ მკითხველებს - ილოცეთ ჩემი ანასთვის. ილოცეთ, რომ ის დაუბრუნდეს დედა ეკლესიას. ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩემს შვილს და მერწმუნეთ, ანაზე ლოცვით ქრისტეს წინაშე მეტ ღვაწლს დააგროვებთ, ვიდრე შეჩვენებით და ეშმაკის საკბილოდ მისი გამეტებით. ვისაც ლოცვა არ შეგიძლიათ, ტალახს მაინც ნუ ესვრით, ეკლესიის წიაღში მოსაბრუნებელ გზას ნუ გადაუკეტავთ! როგორც ზეციერი მამა არასოდეს არ გვტოვებს სასოების გარეშე, ისე, ვერც მე და ვერც თითოეული თქვენგანიც ვერ მივატოვებთ განსაცდელში შვილებს. ანამ თავადაც კარგად იცის - ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტებაა! მარტო ანაზ გაკიცხვა არ კმარა. განა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ავად არაა შურით, ბოღმითა და განკითხვით? განა ყოველი ჩვენგანის შვილი არ ჩაიკარგა სოციალურ ქსელებში და პორნოგრაფიის ლაბირინთებში? სათითაოდ მოგიწოდებთ - როგორც საკუთარ შვილებს არ გაიმეტებდით, ანასაც ნუ გაიმეტებთ, იმის მიუხედავად, რომ სხვაზე მეტად დააშავა!

 

- რაში ხედავთ გამოსავალს?

 

- რაც ხდება, ეს არის მთელი ერისთვის განსაცდელი და გამოცდა. მეუფე შიო ხომ თანამოსაყდრედ გამოარჩია უწმინდესმა. მის ლოცვას დიდი მადლი აქვს. მინდა, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მეუფე შიოს თხოვნით მივმართო: დაიწყეთ ყველაზე რთული ბავშვით და ჩემი ანა სულიერად იშვილეთ, პირადად ილოცეთ მისთვის. სხვა ახალგაზრდებსაც ესაუბრეთ, რომლებიც მიზეზთა გამო ეკლესიის გარეთ აღმოჩნდნენ. მჯერა, ლოცვის ძალით შეძლებთ ამპარტავნებაში და სატანური ბნელი ძალების ტყვეობაში ჩავარდნილი ბავშვების ქრისტეს წიაღში დაბრუნებას!

 

- ანას არაფერს ეტყვით საჯაროდ?

 

- შვილო, რაც მართლა ჩვენია, რაც ღირებულია, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს და პატივს სცემს - თამარი, დავითი, ძლევაი საკვირველი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - აღარასოდეს შეურაცხყო! გაიხსენე, ვისი გორის ხარ და აღარ შეარცხვინო შენი წინაპრები, შენი ნიჭი და პატრიოტიზმი, შენი უშრეტი ენერგია ჭეშმარიტ ფასეულობებს მოახმარე! მეგრულში არის ერთი სიტყვა, რაც გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ტაბუ. „ვაშინერს!“ - არის რაღაც, რასაც არასოდეს არ უნდა შევეხოთ კრძალვის გარეშე. ანა, შვილო, გევედრები, შეჩერდი - ვაშინერს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner