საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი „BBC"-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს „facebook" - გვერდზე ეხმაურება.
„საფლავზე გასვლის და იქ საჭმელ-სასმელის მიტანის ტრადიცია არის უძველესი ქრისტანული წესი. ეს მოდის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ლიტურგია და სერობა (სადილი) ერთიანი აქტი იყო. დევნილობის ხანაში ქრისტიანები იკრიბებოდნენ კატაკომბებში, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სასაფლაოები, რადგან ლიტურგია არის ცოცხალთა და მიცვალებულთა (შესვენებულთა, ცხონებულთა) ერთობლივი მონაწილეობა ღვთისმსახურებაში. ქრისტიანული რელიგიის ქვაკუთხედი კი არის სწორედ ის, რომ ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთის კარი განიხვნა და ადამიანებს მიეცათ საშუალება, ცხონდნენ და სულები დაიმკვიდრონ უფალთან, მარადიულ სასუფეველში.
ასევე, ქრისტიანული კალენდრის განვითარებასთან ერთად, დაწესდა წმინდანთა მოსახსენიებლები და ამ დღეს მორწმუნეები რეგულარულად გადიოდნენ მათ საფლავებზე და იქ სრულდებოდა ლიტურგია.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, წმინდანთა საფლავებზე დაიწყეს ტაძრების აგება. ხოლო, თუ სადმე სხვაგან აიგებოდა ტაძარი, იქ აუცილებლად გადაჰქონდათ წმინდანთა წმ. ნაწილები. ქრისტიანულ ტაძარში უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ტრაპეზის ქვეშ (რომელზედაც ლიტურგია სრულდება), უნდა იყოს წმინდანის წმ. ნაწილები. იქ, სადაც წმინდა ნაწილები არაა, ლიტურგია ვერ აღესრულება.
ჩვენი ტრადიციაც, საფლავზე გასვლისა და იქ საჭმელ-სასმელის გატანისა, ამ უძველესი ტრადიციის ნაშთია. თითო ჭიქით მიცვალებულთა შესანდობარის თქმაში და პურის გატეხვაში ვერაფერს ცუდს და ქრისტიანობის საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ. თუ ვინმეს ეს წმინდად ქრისტიანული ტრადიცია ღრეობაში გადაჰყავს, ეს მისი პრობლემაა და არა ტრადიციის", - წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.