ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნება" არ არის ტიპური საარჩევნო პარტია. ტიპური საარჩევნო პარტია არჩევნებამდე 2 თვით ადრე იწყებს ფუნქციონირებას, ასე რომ, „ქართული ოცნება" არის ელექტორატზე გათვლილი ევროპული ტიპის პარტია", - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას გააკეთა.
ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია მხოლოდ არჩევნების წინ აქტიურდება.
„წმინდა საარჩევნო ტიპის პარტიები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სოკოებივით აღმოცენდებიან ხოლმე. ასეთები გვახსოვს უფრო ყოფილი ხელისუფლების დროს, რომლებსაც აფინანსებდა მმართველი ძალა. ახლა კი რა პარტიებიც ფუნქციონირებს საქართველოში, ძირითადად ევროპული ტიპის პარტიები არიან, რომლებიც აქტიურობენ წლიდან წლამდე, განსაკუთრებით კი აქტიურობენ არჩევნების წინ და ეს ბუნებრივია", - აცხადებს დეპუტატი.
რაც შეეხება, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" რეგიონული საქმიანობის გააქტიურებას და რეგიონული კონფერენციების გამართვას, მაღრაძის თქმით, ეს პროცესი ემსახურება რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის გადახალისებას არჩევნებამდე, რაც ბუნებრივი პროცესია.
„ჩვენი პარტია, პრაქტიკულად, შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა. ასეთ დროს პარტიას აქვს ხელისუფლების მართვის პრობლემები და შესაძლოა, უფრო ნაკლები დრო ჰქონდა სტრუქტურული საქმიანობისთის, ამიტომ ახლა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა. სახელისუფლებო პარტიაში ნაირნაირი ადამიანი მიდის, ამიტომ დადგა აუცილებლობა, გადაგვეხედა იმ შემადგენლობისთვის, რაც არსებობდა რეგიონულ დონეზე პარტიის ხელმძღვანელობაში. ამიტომ გადახალისდა რეგიონული სტრუქტურა და პარტია დაიხვეწა, რომ არჩევნებისთვის უფრო მომზადებული იყოს. „ქართული ოცნება" არ არის პარტია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე პასიური ხდება, პირიქით, რაკი გვაქვს პრეტენზია, სახელისუფლებო პარტიად უნდა დავრჩეთ, გავაგრძელებთ ინტენსიურად მუშაობას არჩევნების შემდეგაც", - განუცხადა „რეპორტიორს" მაღრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიის ნაცვლად ელექტორალური ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში საპარლამენტო გუნდი აქტიურად უნდა ჩაერთოს.
„მე ელექტორალური ტიპის პარტიის მომხრე ვარ. სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც არჩევნებს შორის პერიოდში წყვეტს აქტივობას და იძინებს, რაც ხშირად იწვევს გაღიზიანებას პარტიის რიგით წევრებს შორის. კი ბატონო, ახლა პარტია გააქტიურებულია, ატარებს რაიონულ კონფერენციებს, მაგრამ წინა წლებში მსგავსი რამ, სამწუხაროდ, არ მახსენდება.
ვფიქრობ, „ქართული ოცნება" საარჩევნო ტიპის პარტიის ნაცვლად ელექტორალური ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. ამაში საპარლამენტო გუნდი აქტიურად უნდა ჩაერთოს. ეს იყო ის შეცდომები, რომელიც პარტიული მშენებლობის დროს იქნა დაშვებული. თავის დროზე, უმრავლესობის მიერ უნდა შემუშავებულიყო ამომრჩეველთან შეხვედრის გეგმა რეგიონულ ჭრილში. ინდივიდუალური შემთხვევების გარდა, ვერ დამისახელებთ ასეთ შეხვედრებს", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.