რეზო ჩხეიძის ლეგენდარული ფილმის გადაღებიდან 50 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯარისკაცის მამის გულიდან ამოხეთქილი „დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო" გულგრილს დღესაც არავის ტოვებს. ჯარისკაცის მამა, ოიდიპოს მეფე, მოღალატე თავადი შადიმან ბარათაშვილი, მეფე ლირი, ბეკინა სამანიშვილი, მოხუცი ფოსტალიონი, ბრიგადირი ვარდენი... ზაქარიაძე ერთნაირი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირების სახეებს.
საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი სერგო ზაქარიაძე 1909 წლის 1 ივლისს ბაქოში, რკინიგზელის ოჯახში დაიბადა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად ზესტაფონში გადავიდა.
1924 წელს სერგო თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ კი რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.
1969 წელს სერგო ზაქარიაძე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და მისი ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა. პირველი გასტროლები რუმინეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შედგა.
ზაქარიაძე კინოში გადაღებას ტანჯვას ეძახდა, თუმცა საყოველთაო სიყვარული და აღიარება სწორედ კინოროლებმა მოუტანა, თუმცა მათ შორის გიორგი მახარაშვილი გამორჩეულია. რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამამ", რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა, ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს ეკრანები. „ჯარისკაცის მამაში" ქართველი გლეხის კოლორიტული სახის შექმნისთვის სერგო ზაქარიაძეს 1966 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.
მანამდე, 1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახლდათ. ქართველი მსახიობი და სოფი ლორენი ერთმანეთს დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბევრი ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. სერგო ზაქარიაძეს სწორედ ამ დეკადის დღეებში მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.
მსახიობს საშინლად არ უყვარდა ინტერვიუები და შესაბამისად, ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით ცნობილია ისტორია, რომელიც მსახიობს გადახდა. ჟურნალ „ოგონიოკის" კორესპონდენტ ვადიმ სერგეევს რედაქტორმა დაავალა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ზაქარიაძესთან ინტერვიუ ჩაეწერა. სერგეევი მიხვდა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო და მასალის მოსაპოვებლად დრო ითხოვა. მსახიობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, გაიგო, რომ სერგო ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის „დინამოს" თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და საყვარელი გუნდის ყველა თამაშს ესწრებოდა. იმ დღეებში თბილისის „დინამო" ვადიმის საყვარელ მოსკოვის „ტორპედოს" ხვდებოდა. სტადიონისკენ მიმავალ მსახიობს ჟურნალისტი სახლთან ჩაუსაფრდა და უკან აედევნა. მერე ისიც მოახერხა, რომ ბილეთი ზაქარიაძის გვერდით აიღო. ჟურნალისტის მცდელობა უშედეგოდ არ დარჩენილა - მატჩის მსვლელობისას, ზაქარიაძემ ყურადღება მიაქცია რუს ახალგაზრდას, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა. გაკვირვებულ სერგოს მისთვის უკითხავს, რუსი კაცი ქართველებს რატომ გულშემატკივრობო? ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო, მიუგია ჟურნალისტს. ასეთ კაცს უპატივცემულოდ ვერ გაგიშვებო, უთქვამს მსახიობს და რუსი „გულშემატკივარი" სახლში წაუყვანია. თან იმ თამაშში ჩვენებს მოუგიათ და მსახიობი შესანიშნავ ხასიათზე ყოფილა. სტუმარმა და მასპინძელმა გაშლილ სუფრასთან ყველაფერზე ისაუბრეს: საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე და როცა წასვლის დრო დადგა, ყანწით ხელში მდგარმა სერგეევმა მასპინძელს უთხრა, არ მიწყინოთ, თუ დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს „ოგონიოკის" ფურცლებზე ნახავთო. მსახიობი გამშრალა, მერე გაღიმებია და ბოლოს გვარიანად უცინია.
62 წლის სერგო ზაქარიაძე შემოქმედებითი აქტიურობის პერიოდში, 1971 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დღეს მაია კახიძე ასე იხსენებს: „დედა, მამა, მე და ჩვენი ორი სტუმარი რუსთაველის თეატრისკენ გავეშურეთ. მაშინ რვაზე იწყებოდა სპექტაკლები, რვის ნახევარზე იქ ვიყავით უკვე. მთელი გზა ყურები გამოვუჭდე სტუმრებს, რა ლამაზი იყო ჩვენი თეატრი. მივედით და... სრულიად ჩაბნელებული თეატრი დაგვხვდა, სათეატროდ გამოწყობილი ხალხიც მრავლად იყო მოსული. არადა, გაოცებულ ვიყურებოდი, სპექტაკლის წინ ხომ მუდამ გაჩახჩახებული იყო თეატრი და ვერ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა. არც არავინ იცოდა, ყველა ველოდით შუქის ანთებას და ცენტრალური კარის გაღებას. ცოტა ხნის მერე ერთი მამაკაცი გამოვიდა, მაყურებელი მოგვიხმო და ბოდიში მოგვიხადა, შეგიძლიათ, ბილეთები დააბრუნოთ, სპექტაკლი ვერ გაიმართება, დღეს ბატონი სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალაო... მახსოვს ხალხის თვალები, ხელების შლა, ერთმანეთს უსამძიმრებდნენ თბილისელები... საოცარი ის იყო, რომ ბილეთი არავის დაუბრუნებია. კარგა ხნის მერე ხალხი ფეხაკრეფით დაიშალა, უფროსი ქალები აცრემლებული გაეცალნენ იქაურობას".
ეს იყო 1971 წლის 13 აპრილს...
სერგო ზაქარიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
„მე ყოველი სახისადმი ერთნაირად ვარ განწყობილი. ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო მეტიც: იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი. ჩემი როლები შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა... ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია, და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მიყვარს ყველა ერთნაირად", - ამბობდა სერგო ზაქარიაძე.
სერგო ზაქარიაძე და იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი 1965 წელს, მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე შეხვდნენ. ამბობენ, რომ მსოფლიოში ულამაზესმა ქალმა სოფი ლორენმა თავად მოისურვა სახელოვან ქართველ მსახიობთან ფოტოს გადაღება. მოგვიანებით სერგო ზაქარიაძეს ჰკითხეს, ალბათ, სიამოვნებით ითამაშებდით ამ ლამაზ ქალთან ერთადო. მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან - ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან - სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი არიან. ისინი ტოლს არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობსო, - უპასუხა მსახიობმა.
სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი
მოსკოვიდან დაბრუნებულ სერგო ზაქარიაძეს, მეგობრები, კოლეგები თუ, უბრალოდ, გამვლელები მოსვენებას არ აძლევდნენ: მართლა ისეთი ლამაზია სოფი, როგორიც ეკრანზე ჩანსო, რაზე ისაუბრეთო და სხვ. ბევრიც შენატროდა ქართველ ბუმბერაზ მსახიობს: ნეტავ მაშინ შენს ადგილას მამყოფაო.
თავად სერგო ზაქარიაძე კი ამ შეხვედრის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ ქართველებს სილამაზე სხვაგან საძებარი არ გვაქვსო.
სერგო ზაქარიაძე, ლუდმილა საველევა, სოფი ლორენი
„ჯარისკაცის მამა“, სერგო ზაქარიაძე (გიორგი), ქეთევან ბოჭორიშვილი (თამარი)
1965 წელს გაზეთი „ლიტერატურნაია როსია“ წერდა: „როგორ გამოუცვნია მსახიობ სერგო ზაქარიაძეს ეს განუმეორებელი ინტონაცია, ნაზი, თითქოს დედობრივი ღიმილი გლეხისა, რომელიც მიწას ელაპარაკება, მხრების ეს ბედნიერი მოშვება. იმდენი სიმშვიდე და სიწყნარეა მის გმირში, იმდენი დაუჯერებელი ძალა და სამართლიანობაა, რომ ფიქრი სიცოცხლის დაუსრულებლობაზე, დაუბერებლობაზე ხელშესახები, ნივთობრივი ხდება“.
რეზო ჩხეიძე და სერგო ზაქარიაძე
„ჩემს გადაწყვეტილებას, მთავარ როლზე სერგო ზაქარიაძე ამეყვანა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. მათ სურდათ, რომ ეს როლი სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა, რადგან იმ დროისთვის ის იყო ყველა მთავარი როლის შემსრულებელი. მე და სცენარისტმა ეს როლი სერგოსთვის დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ“, - რეზო ჩხეიძე.
სულიკო ჟღენტს „ჯარისკაცის მამის“ სცენარის მონახაზი რეზო ჩხეიძისთვის ძველი კინოსტუდიის ეზოში მიუტანია. რეჟისორს სცენარი ძალიან მოსწონებია და მისი შინაარსი სერგო ზაქარიაძისთვის მოკლედ მოუყოლია. ზაქარიაძე ყურადღებით უსმენდა. სიუჟეტს ისე შეუძრავს, რომ თვალებიდან ცრემლები წამოსვლია.
„კურიოზული შემთხვევა? კურიოზული ის იყო, რომ რამდენჯერმე გადავრჩი სიკვდილს გადაღებების დროს... ერთხელ პალიასტომის ტბაში ვიხრჩობოდი. „ჯარისკაცის მამაზე“ მუშაობისას კინაღამ ტანკმა გამიტანა... და ასე კიდევ რამდენჯერ“, - სერგო ზაქარიაძე.
სერგო ზაქარიაძე და მარინე თბილელი
„მალე გაზაფხული მოვა“. რეჟისორი ოთარ აბესაძე. სერგო ზაქარიაძე (მინაგო), სესილია თაყაიშვილი (მარიამი)
„არ დაიდარდო“. რეჟისორი გია დანელია. სერგო ზაქარიაძე (ლევან ცინცაძე).
სერგო ზაქარიაძე და ბადრი ბეგალიშვილი
კადრი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.
სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავის“ მიხედვით.
გოგი მინდელი, სერგო ზაქარიაძე, ნიკუშა მეხუზლა.
ქვედა რიგი მარცხნიდან: შალვა ახმეტელი და სიმონ ოდიშარია.
„ვოცნებობ ისეთ როლზე, რომელშიც ჩემს ფიქრსა და წუხილს ჩავაქსოვ. ეს ფიქრი და წუხილი კი უფრო საზოგადოებრივია, ვიდრე პირადული“, - სერგო ზაქარიაძე.
სერგო ზაქარიაძე და ნატო ვაჩნაძე
კადრი ფილმიდან „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“
წყარო: http://guriismoambe.com/