ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე მას წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა", - ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს.
„მიზეზი ძალიან მარტივია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად - დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, „ნაციონალებს" გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას" გამოუცხადა", - აღნიშნა პარლამენტარმა.
მისი თქმით, მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას".
„სამწუხაროდ, ალბათ მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა" გავა. ვვარაუდობ, რომ ნაციონალების საერთო რაოდენობა პარლამენტში 15-17 კაცი იქნება", - განაცხადა ჟვანიამ.